საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო!
Aa
Aa

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო!

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურში ყაზახეთი 3:1 დაამარცხა. ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერია.

რამაზ სვანაძის გუნდიდან გიორგი იაკობიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ყაზანის ''რუბინის'' შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

პირველი ნახევარი იაკობიძისა და დავითაშვილის გოლებით 2:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ 48-ე წუთზე ყაზახეთის ნაკრებმა ანგარიში შეამცირა. 65-ე წუთზე იაკობიძემ დუბლი შეასრულა და სხვაობა კვლავ ორბურთიანი გახდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და საქართველომ 3:1 გაიმარჯვა.

ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ გუნდის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია, რომელმაც უნგრეთთან მატჩში მცირე ტრავმა მიიღო. 

პირველ ტურში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მასპინძელი უნგრეთი 4:2 დაამარცხა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ურთიერთშეხვედრას ენიჭება, თუმცა ყაზახეთის გარდა თუ თითოეული გუნდი 6 ქულას მოაგროვებს, საუკეთესო ორი გუნდი ურთიერთშეხვედრებში გატანილი და გაშვებული გოლების მიხედვით გაირკვევა.

სვანაძის გუნდი მესამე ტურში ხორვატიას შეხვდება. ხორვატებმა პირველ ტურში ყაზახები დაამარცხეს, მეორე ტურის მატჩს კი უნგრელებთან გამართავენ.

საქართველოსა და ხორვატიის 19-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირება 15 ოქტომბერს გაიმართება.

ელიტ-რაუნდის შეხვედრები 2020 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები