Aa
Aa

AS - ბეილს ზაფხულში "რეალის" დატოვება სურს

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ გარეტ ბეილს მოთმინების ფიალა აევსო და „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა. უელსელი ფეხბურთელი „ბრიუგესთან“ მატჩში განაცხადს მიღმა დატოვეს და ის სწორედ ამან გაანაწყენა.

AS-ის მიხედვით ბეილი გაბრაზებული და დაბნეულია. 30 წლის შემტევი კლუბის თანადგომასაც ვეღარ გრძნობს. წარსულში „რეალი“ თავის ვარსკლავებს მხარს აქტიურად უჭერდა და საკუთარ პოზიციას საჯაროდაც აფიქსირებდა, თუმცა როგორც ჩანს წლეულს უელსელთან მიმართებით ყველაფერი სხვანაირადაა.

ბეილი დარწმუნებულია, რომ ასეთ მოპყრობას არ იმსახურებს. მას პოტენციალის გამოსავლენად სათამაშო დრო სჭირდება და „ბრიუგესთან“ მატჩის წინ ზინედინ ზიდანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. თანაც გარეტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია და მოედანზე გასასვლელად 100 პროცენტით მზად გახლდათ.

დაბოლოს, ესპანური გამოცემა პარალელს უელსელსა და „რეალის“ სხვა ვარსკლავებს შორის ავლებს. AS აცხადებს, რომ „სამეფო კლუბი“ მოდრიჩს, კროოსსა და კარვახალს ბეილის მსგავსად რომ მოქცეოდა, ყველაფერი  სხვანაირად იქნებოდა და „ლოს ბლანკოსის“ თავკაცსა და ხელმძღვანელობას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდებოდათ.

AS-ის მიხედვით 30 წლის ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებას ზაფხულში აპირებს. ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები