Aa
Aa

გუარდიოლა სტერლინგს აქებს: "რამდენიმე წლის შემდეგ რაჰიმი უკეთესი ფეხბურთელი იქნება"

ზაგრების „დინამოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ რაჰიმ სტერლინგი შეაქო. ინგლისელი ფეხბურთელი გუშინდელ შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და „ქალაქელთა“ წარმატების მთავარი შემოქმედი გახლდათ.

სტერლინგი მოედანზე 56-ე წუთზე შევიდა, 66-ზე ანგარიში გახსნა, 95-ზე კი ფოდენს გაატანინა. 24 წლის სუპერვარსკლავის თამაშმა გუარდიოლა აღაფრთოვანა და ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ განაცხადა: „წარსულში ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენიმე წლის შემდეგ სტერლინგი უკეთესი ფეხბურთელი იქნება“.

„რაჰიმი გახლავთ მოთამაშე, რომელსაც გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს. იგი პოზიციას შესანიშნავად არჩევს და ისეთი შეგრძნება გეუფლება თითქოს ყოველი ჩაწოდებისას იქაა, სადაც უნდა იყოს“.

„ვფიქრობ მას დამაგვირგვინებელ ფაზაში მომატება და უფრო ცივსისხლიან ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი ისაა, რომ რაჰიმი პოზიციას იდეალურად არჩევს და გოლები სწორედ ამის ხარჯზე გააქვს“.

„რამდენიმე დღის წინ მან ევერტონთან ჯახში კარგი მომენტი გაანიავა, თუმცა დღეს თავისი შეცდომა გამოასწორა და ფილს შესანიშნავად უპასა“.

აღსანიშნავია, რომ „ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გუარდიოლა მატჩის შემდეგ დანი ოლმოს გაესაუბრა. „ქალაქელთა“ თავკაცს 21 წლის ფეხბურთელის გადაბირება სურს და როგორც ჩანს მომენტი ხელიდან არ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები