სულ რაღაც 300 ევრო? ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ
Aa
Aa

სულ რაღაც 300 ევრო? ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ბარსელონა" დასაჯა

კატალონიის "ბარსელონა" სერიოზულ სანქციებს გადაურჩა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ბლაუგრანა" გრიზმანთან მოლაპარაკებებისას დარღვეული წესების გამო, მხოლოდ 300 ევროთი დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ "ატლეტიკომ" ესპანური ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართა და ამტკიცებდა, რომ „ბარსელონამ“ გრიზმანთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და ამის გამო „ბლაუგრანამ“ 120 მილიონის ნაცვლად, 200 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

El Mundo-ს ინფორმაციით „ატლეტიკოს" სამხილიც ჰქონდა, რომელიც მარტში გამართულ მოლაპარაკებებს ადასტურებდა. საქმე ელექტრონულ წერილს ეხება, რომელიც ანტუან გრიზმანის ადვოკატმა, სევან კარიანმა ფეხბურთელის მამას და დას გაუგზავნა. თუმცა ყველაფერი მაინც "ბარსელონას" სასარგებლოდ დასრულდა.

ესპანურ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იყო შანსი "ბარსას" "კამპ ნოუზე" რამდენიმე შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩაეტარებინა, თუმცა ესპანური ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სხვა არჩევანი გააკეთა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივმა გამოცემებმა ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები