Aa
Aa

ერიქსენის სამომავლო გეგმები - დანიელი ზამთარში "ტოტენჰემს" არ დატოვებს?

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელები შიშობენ, რომ შესაძლოა ზამთარში კრისტიან ერიქსენმა გუნდის დატოვებაზე უარი განაცხადოს და სეზონის დასრულების შემდეგ სხვა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშუროს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

„დეზები“ დიდი ხანია დანიელ ნახევარმცველთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ, მაგრამ თანხმობა ვერა და ვერ მიიღეს. ზაფხულში ერიქსენის სანაცვლოდ „ტოტენჰემი“ 100 მილიონ ფუნტს ითხოვდა. თუმცა კლუბთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით Daily Mail იტყობინება, რომ ლონდონელები მზად არიან ზამთარში ერიქსენი 30 მილიონ ფუნტად გაასხვისონ.

სკანდინავიელ ფეხბურთელს კარიერის ევროპულ გრანდში გაგრძელება სურს და მიაჩნია, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით უფრო მეტი ვარიანტი ექნება. თანაც სარფიან შეთავაზებასთან ერთად, ახალი გუნდისგან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ბონუსსაც მიიღებს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით ერიქსენი „ტოტენჰემს“ ზამთარში მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ „რეალის“ ან „ბარსელონას“ დონის გუნდებისგან ისეთ წინადადებას მიიღებს, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დანიელი რამდენიმე თვის შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება, მინიმალური შანსია ევროპული ფეხბურთის გრანდებმა „დეზებს“ ასეთი შეთავაზებით მიმართონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები