ჰეიგი:
Aa
Aa

ჰეიგი: "მეორე ტაიმში ნაჩვენებმა თამაშმა მომავალი მატჩებისთვის იმედი მოგვცა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა და უელსთან 14:43 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" 2 ლელოს დადება მოახერხეს, თუმცა საწინააღმდეგოდ 6 მიიღეს. მილტონ ჰეიგის გუნდმა პირველი ტაიმი 0:29 წააგო და მარცხის მთავარი მიზეზი სწორედ შეხვედრის კატასტროფულად დაწყება გახდა.

შეხვედრის შემდეგ ჩვენი ნაკრების თავკამცა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და მომავალ შეხვედრებსაც შეეხო:

"პირველ ტაიმში დაცვაში შეცდომები იყო, კარგად ვერ ვიდექით. ჩვენ ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ.

მეტოქეს ძალიან ძლიერი მორაგბეები ჰყავს და მათ პირველ ნახევარში ჩვენი შეცდომებით ისარგებლეს. მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და ჩვენ ნამდვილი ქართული სული ვიხილეთ.

დაცვაში თამაში შედარებით დავალაგეთ და შეტევაშიც თამამად მივდიოდით. მეორე ტაიმში ნაჩვენებმა თამაშმა მომავალი მატჩებისთვის იმედი მოგვცა.

როდესაც ჩვენ ბურთს ვფლობთ, კარგადაც გამოვიყურებით. ამრიგად, თუ მომდევნო შეხვედრებში დაცვას მივხედავთ, გუნდი უკეთესად ითამაშებს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე მატჩს 29 სექტემბერს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.

ცხელი ამბები