Aa
Aa

ბასილაშვილი ჩვეულ სტილში! - გვანერვიულა, მაგრამ მოიგო!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშება წარმატებით დაიწყო და პირველ რაუნდში უნგრელ მარტონ ფუქსოვიჩს 5-სეტიან ბრძოლაში მოუგო.

ქართველი და უნგრელი 2019 წლის სეზონში ტრადიციულ მეტოქეებად იქცნენ და ერთმანეთს უკვე მეხუთედ დაუპირისპირდნენ. დღევანდელ მატჩამდე წელს გამართული 4-დან 3 მატჩი ფუქსოვიჩს ჰქონდა მოგებული, საერთო ურთიერთშეხვედრებშიც ის იგებდა - 5:2.

ნიკა თამაშში ცუდად შევიდა და ბევრ შეცდომას უშვებდა, რაც პირველი სეტის წაგებად დაუჯდა, თუმცა თანდათან სიტუაცია დაალაგა და საგრძნობი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა - თუ მეორე სეტში ფუქსოვიჩმა გაიბრძოლა მაინც, მესამეში თამაში მხოლოდ „ცალ კარში“ მიდიოდა. შედეგად, ბასილაშვილი სეტებში 2:1 დაწინაურდა.

მეოთხე პარტიაში ნიკა ბრეიკით ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ შემდეგ მცირე ჩავარდნა დაეწყო, რაც უნგრელმა გამოიყენა და თამაშის „დისაიდერში“ გადაყვანა შეძლო.

გადამწყვეტ სეტში პირველი ბრეიკი ფუქსოვიჩმა შეასრულა და 3:1 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ამის შემდეგ ზედიზედ 5 გეიმი აიღო და შემდეგ წრეში გავიდა - 3:6; 6:4; 6:2; 3:6; 6:3.

ნიკამ 1 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 82-დან 49 (60%), ხოლო მეორეზე 75-დან 39 (52%) ქულა მოიგო. 29 ვინერსი შეასრულა და ძალიან ბევრი - 72 უნებლიე შეცდომა ჰქონდა. 13-დან 9 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ჯამში გათამაშებული 293 ქულიდან კი 153 თავისთვის დაიტოვა.

ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ რაუნდში მსოფლიოს 394-ე ჩოგან ჯენსონ ბრუკსბის შეხვდება, რომელმაც სენსაცია შემოგვთავაზა და ტომაშ ბერდიხს 4 სეტში მოუგო. ბრუკსბი 18 წლის ამერიკელია და ტურნირზე wild card-ის წყალობით მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილს US OPEN-ზე 180 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი, რომელიც მან გასული წლის გათამაშებაზე 1/8 ფინალში გასვლით მოიპოვა, სადაც რაფაელ ნადალთან 4 სეტში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები