ინიესტა
Aa
Aa

ინიესტა "ელ ნინიოს" დაემშვიდობა

დღეს ფერნანდო ტორესმა კარიერის ბოლო შეხვედრა ჩაატარა. „ელ ნინიოს“ „საგან ტოსუ“ ანდრეს ინიესტას „კობეს“ დაუპირისპირდა და 6-1 განადგურდა. მატჩის წინ „ბარსელონას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტორესს ღია წერილით მიმართა და „ელ ნინიოს“ გამოემშვიდობა.

„უცნაურია, ძალიან უცნაურია. ვიტყოდი, რომ სასიამოვნოდ უცნაურიცაა. ორივე აქ ვართ და რამდენიმე წუთში შენი კარიერის ბოლო შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას. მე ჯერ კიდევ შემიძლია თამაში".

„აქ ვართ, მსოფლიოს მეორე ბოლოში. ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს ცხოვრებამ იაპონიაში მოგვიყვანა, რათა ფეხბურთს დავემშვიდობოთ“.

„20 წელზე მეტი ხნის წინ გაგიცანი. მაშინ, როცა ბავშვები ვიყავით. ჩემთვის შენ ყოველთვის ელ ნინიო იქნები და წლები ჩვენს ურთიერთობას ვერაფერს დააკლებს. მაშინ შევხვდით, როცა უტოპიური ოცნებები გვქონდა. გახსოვს გოლი, რომელიც 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს გაუტანე? არასდროს დამავიწყდება, რომ ის გოლი მე მომიძღვენი. ის მომენტი ტელევიზიით ვნახე, რადგან ტრავმის გამო სახლში ვიმყოფებოდი“.

„ფერნანდო გახსოვს ხელმოწერილი მაისური და პირობა, რომელიც არარეალისტური იყო? ჩვენ მიზანს მაინც მივაღწიეთ და მას შემდეგ ერთად ვართ. ვენა, იოჰანესბურგი... ჩავის დაუვიწყარი პასი. მნიშვნელოვანი გოლები, რომლებიც გავიტანეთ. ჩვენ სხვადასხვა გუნდებში ვთამაშობდით, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით. ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობდით, მე ბარსელონაში, შენ - მადრიდში, მაგრამ მტრები არასდროს ვყოფილვართ. ჩვენ მეგობრები ვიყავით და უბრალოდ განსხვავებულ მაისურებს ვატარებდით. ჩვენი კანის ფერი წითელი იყო და როხისტები ვიყავით“.

„ჩვენ დიდ ფეხბურთში ერთად შევაბიჯეთ. შენ შემდეგ საზღვრები გადალახე და პრემიერ ლიგაში წახვედი, სადაც საკუთარი ტალანტი წარმოაჩინე. ჯერ ლივერპულში, შემდეგ ჩელსიში. გამიხარდა ატლეტიკოში რომ დაბრუნდი. ფერნანდო, შენ ეს სპორტი გააპატიოსნე. გოლებზე არ მაქვს საუბარი, იმდენი გაიტანე სათვალავი ამერია. არც ტიტულებზე ვსაუბრობ, რომლებიც საოცარი კარიერის განმავლობაში მოიგე. აქცენტი შენს საქციელზე მაქვს. პატივისცემაზე, რომელიც ფეხბურთის, თანაგუნდელების, ოპონენტების და რა თქმა უნდა ბურთის მიმართ გაგაჩნდა“.

„საოცარი გზა გამოვიარეთ. თითქმის მთელი მსოფლიო მოავიარეთ. ახლა აქ ვართ, იაპონიაში და ფეხბურთს ვთამაშობთ. ვინ იფიქრებდა. შენ, მე და დავიდ ვილა. ამ მატჩის შემდეგ სახლში წახვალ. შენთან ერთად თამაში საოცარი შეგრძნება იყო და ტკბილ მოგონებად დამრჩება“.

„ყველაფრით ისიამოვნე და ბედნიერი იყავი. რა უცნაურიც არ უნდა იყოს ჯერ არ წასულხარ და უკვე მენატრები, ფერნანდო“!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები