ფრუიძის გუნდმა გამარჯვება დამატებულ წუთზე დაკარგა
Aa
Aa

ფრუიძის გუნდმა გამარჯვება დამატებულ წუთზე დაკარგა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში საჩხერის ''ჩიხურამ'' ივანწმინდაში ბოლნისის ''სიონს'' უმასპინძლა.მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. იმერული კლუბი ორჯერ იგებდა და ''სიონმა'' გათანაბრება მოახერხა. თემურ შალამბერიძის გუნდმა მეორე გოლი მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე შეაგდო.

შოტლანდიაში ''აბერდინთან'' მძიმე მარცხის შემდეგ ''ჩიხურამ'' პირველი შეხვედრა ''რუსთავთან'' გამართა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა, შემდეგ ''სიონთან'' ქულები გაიყო. ასე რომ სოსო ფრუიძის გუნდის წარუმატებელი სერია გრძელდება.

29-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გახსნა. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი მას შემდეგ დანიშნა, როცა უგრეხელიძეს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კორიფაძემ პენალტი ''აბერდინთან'' საშინაო მატჩშიც შეაგდო.

48-ე წუთზე ''სიონის'' სწრაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა. გვარაძის ძალიან კარგი პასის შემდეგ გამოცდილმა დიმიტრი ტატანაშვილმა ცვლილებაზე გამოსული გიორგი კახაბრიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც შანსი გამოიყენა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

52-ე წუთზე სოსო ფრუიძის გუნდმა მეორე გოლი გაიტანა, სწრაფი კონტრშეტევა მიხეილ სარდალიშვილმა დაიწყო, რომელმაც ბურთი ჩიხლაძესთან გაითამაშა. ჩიხლაძის პასის შემდეგ სარდალიშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ შეაგდო, გოშაძემ აუღო. ბესო დეკანოიძემ დასწრებაზე ითამაშა და ანგარიში გაზარდა - 2:1.

ბოლნისის ''სიონმა'' მეოთხე დამატებულ წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ''სიონის'' შეტევისას შოთა კაშია შეცდა, ცვლილებაზე გამოსულმა ჯაბა უგულავამ ''სიონი'' მარცხისგან იხსნა.

გოლის ეპიზოდში მთავარმა მსაჯმა გაურკვეველი მიზეზით  მოედნიდან ''სიონის'' მცველი ზურა ჯაფიაშვილი გააძევა.

შოტლანდიაში ''აბერდინთან'' მარცხის შემდეგ ''ჩიხურას'' გამარჯვება არ მოუპოვებია, ''რუსთავთან'' მარცხის შემდეგ ''ჩიხურამ'' ''სიონთან'' ფრედ ითამაშა.

ფოტო: ''ჩიხურას'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები