კოუტინიოს აღზევება და დაცემა
Aa
Aa

კოუტინიოს აღზევება და დაცემა

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო ამ ზაფხულს "კამპ ნოუს" დატოვებს. 27 წლის შემტევს კარიერის "ნისლიან ალბიონზე" გაგრძელებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა "ბლაუგრანამ" სათანადო გარიგება ვერ დადო.

სამწუხაროდ რეალობა ისაა, რომ ბრაზილიელი იმ კოუტინიოს აჩრდილიც აღარაა, რომელიც "ენფილდზე" მეტოქე გუნდებს შიშის ზარს სცემდა. რაც შეეხება "ბარსას", "ბლაუგრანა" "კოუს" ლეგენდარული ანდრეს ინიესტას შემცვლელად მოიაზრებდა და სამხრეთ ამერიკელს თავიდანვე ურთულესი დავალება ჰქონდა შესასრულებელი.

ესპანურმა პრესამ კოუტინიოს, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა "იმედგაცრუება" უწოდა. ერნესტო ვალვერდე კი "პატარა ჯადოქარს" აღარ ენდობა, არადა "კოუს" დიდი პოტენციალი აქვს.

ბიჭუნა ბრაზილიიდან

კოუტინიო რიოს ერთ-ერთ გარეუბანში გაიზარდა და თავისი ნიჭი ადრეულ ასაკშივე გამოავლინა. იგი ფუტზალში დომინირებდა, როცა "ვასკო და გამას" სკაუტებმა შეამჩნიეს და სინჯების გავლა შესთავაზეს. "კოუმ" გუნდის მოხიბვლა მოახერხა და "სელესაოს" 15-წლამდელთა ნაკრებშიც იასპარეზა.

"ინტერის" იმედი

16 წლის ასაკში "პატარა ჯადოქარი" "ინტერმა" გაიფორმა და მის სანაცვლოდ 3.7 მილიონი ფუნტი გადაიხადა. "ნერაძურიმ" "კოუ" მაშინვე ბრაზილიაში გაანათხოვრა, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი რეგულარულ სათამაშო დროს იღებდა.

ერთი წლის შემდეგ კოუტინიოს წინამძღოლობით "ვასკომ და გამამ" პირველი დივიზიონის საგზური მოიპოვა. 31 მატჩი და სრულად გამოვლენილი პოტენციალი! ბრაზილიური პრესა მისით აღფრთოვანებული იყო და მას კაკას მემკვიდრედ მოიხსენიებდა.

2010-ში კოუტინიო მილანში გადაბარგდა და რაფა ბენიტესმა განაცხადა: "ეს ბიჭი ინტერის" მომავალია".

"ნისლიანი ალბიონი" და კოუტინიოს ბრწყინვალება

ბრაზილიელმა იტალიაში წარმატებას ვერ მიაღწია. 2011-12 წლების სეზონში კი "ესპანიოლში" იყო განათხოვრებული და მაურისიო პოჩეტინოსთან მუშაობდა. სულ მალე "ლივერპულმა" გარისკა და მის სანაცვლოდ 8.5 მილიონი ფუნტი გაიღო. აღსანიშნავია, რომ "მერსისაიდელებმა" კოუტინიოს შესახებ ბენიტესისგან შეიტყვეს. ესპანელი სპეციალისტი "წითლების" რიგებში მომუშავე დემიენ კომოლის დაუკავშირდა და სამხრეთ ამერიკელის ტალანტის შესახებ აუწყა.

იყო შანსი "ლივერპულის" ნაცვლად კოუტინიო "საუთჰემპტონში" გადასულიყო, მაგრამ პოჩეტინომ მიზანს ვერ მიაღწია.

კლოპის ფავორიტი

"კოუ" "წითლების" რიგებში ფენომენალურად ასპარეზობდა და იურგენ კლოპის ფავორიტი გახდა, თუმცა სულ მალე მისით "ბარსა" და "რეალი" დაინტერესდნენ და ყველაფერი აირია.

2017 წელს კატალონიელებმა "ლივერპულს" 72 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამან ბრაზილიელი შემტევი გააბრაზა და ელექტრონული ფოსტით კლუბს ტრანსფერი მოსთხოვა.

"მერსისაიდელებმა" "ბლაუგრანა" უარით კიდევ ორჯერ გაისტუმრეს, თუმცა საბოლოოდ კლოპს მოთმინების ფიალა აევსო და "კოუ" 142 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ "კამპ ნოუზე" გადავიდა.

კატალონიური ფიასკო

"ბარსელონას" ქომაგებს კოუტინიოზე დიდი ავანსები ჰქონდათ გაცემული. ნეიმარის გაყიდვისა და ინიესტას წასვლის შემდეგ, "ბარსა" სწორედ ბრაზილიელს უნდა გადაერჩინა, მაგრამ "პატარა ჯადოქარმა" თავისი თამაში ვერ იპოვა და მესის ჩრდილქვეშ მოექცა. ბევრი თვლიდა, რომ ეს "დაწყევლილი სახლის" ბრალი იყო, თუმცა "კოუს" ფიასკოსთან პარანორმალურ მოვლენებს კავშირი ნამდვილად არ აქვს.

ბრაზილიელი დღესაც გზაჯვარედინზე დგას. უბრალოდ ამჯერად მასზე იმედებს არავინ ამყარებს და "პატარა ჯადოქარს" ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს. დაამტკიცებს თუ არა თავის ფენომენალურობას კოუტინიო არავინ იცის, თუმცა "ბარსაში" რომ მისი აღარ სჯერათ აშკარაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები