კანელო ალვარესს IBF-ის საჩემპიონო ქამარი ჩამოართვეს
Aa
Aa

კანელო ალვარესს IBF-ის საჩემპიონო ქამარი ჩამოართვეს

მექსიკელ მოკრივე კანელო ალვარესს IBF-ის საჩემპიონო ქამარი ჩამოართვეს. საქმე იმაშია, რომ 29 წლის მებრძოლი სავალდებულო ოპონენტს, სერგეი დერევიანჩენკოს ვერ შეუთანხმდა და კრივის ერთ-ერთმა მმართველმა ორგანომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

მექსიკელი სუპერვარსკლავის პრომოუტერმა, ოსკარ დე ლა ჰოიამ ამერიკულ პრესასთან საუბრისას IBF გააკრიტიკა და განაცხადა: „IBF-ის გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუებულები ვართ. მათ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლს კუთვნილი ტიტული ჩამოართვეს“.

„სერგეი დერევიანჩენკოს პრომოუტერთან მოლაპარაკებებს აქტიურად ვაწარმოებდით. ჩვენ მოკრივეს, რომელსაც ფაქტობრივად არავინ იცნობს, ბრძოლის სანაცვლოდ ძალიან დიდი თანხა შევთავაზეთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მათ არ უნდოდათ გარიგება შემდგარიყო. მათ სურდათ კანელოს ქამარი დაეკარგა. ეს კრივის და ამ სპორტის გულშემატკივრების შეურაცხყოფაა“.

„კანელომ IBF-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში დანიელ ჯეიკობსი დაამარცხა. მებრძოლი, რომელმაც დერევიანჩენკოს სძლია. ასე რომ მისთვის ქამრის ჩამორთმევა, თანაც მოლაპარაკებებისთვის საჭირო დროის მიცემის გარეშე, არასწორია! თანამედროვე კრივს სწორედ ეს პრობლემა აქვს და სამართლიანობის აღსადგენად ყველა გზას გამოვიყენებ“.

ცხელი ამბები