ფრუიძე:''მოედანზე გამოჩნდება ჩვენი შავი ღვინო აჯობებს თუ თქვენი ვისკი''
Aa
Aa

ფრუიძე:''მოედანზე გამოჩნდება ჩვენი შავი ღვინო აჯობებს თუ თქვენი ვისკი''

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე ''ჩიხურას'' მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ''აბერდინის'' საშინაო არენაზე მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

სოსო ფრუიძე:''მოხარული ვარ, რომ საფეხბურთო ქვეყანაში, საფეხბურთო ქალაქში ვართ.

ტაქტიკა გადაწყვეტილი არ მაქვს, გოლი გვაქვს გასატანი, შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა, ძალიან კარგი და ღირსეული მოწინააღმდეგე გვყავს. ვეცდებით შოტლანდიური ბარიერი დავძლიოთ.

- თქვენ გამოცდილი მწვრთნელი ბრძანდებით და ტაქტიკური ჩანაფიქრი გექნებათ...

- ახლა რომ მესაუბრებოდი შექებისგან ცოტა გავწითლდი. ჰო, იცით რომ ''აბერდინი'' კარგი გუნდია, თუმცა ჩვენც გვაქვს პლუსები. თუ ''აბერდინი'' პლუსების გამოყენების საშუალებას მოგვცემს, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატება.

- პირველი მატჩისგან განსხვავებით ''აბერდინის'' სტადიონი ქომაგებით შეივსება და მასპინძელი გუნდი გამარჯვებისთვის ითამაშებს. აქცენტს კონტრშეტევებით თამაშზე გააკეთებთ?

- გათვალისწინებული გვაქვს, რომ აბერდინში მაყურებელი ყოველთვის შეტევას ითხოვს, ყოველთვის გოლს ითხოვს. მეც ასე მწამს, რომ მაყურებელი გუნდზე დიდ ზემოქმედებას მოახდენს, რომ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს მათ სასარგებლოდ, თუმცა აქედან შესაძლოა ჩვენც რაღაცას გამოვრჩეთ.

- პირველი მატჩის შემდეგ ''აბერდინმა'' მხოლოდ ერთი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო, თქვენ კი რამდენიმე დღეა შოტლანდიაში ემზადებით. ეს თქვენი გუნდისთვის უპირატესობა იქნება?

- ყველა მწვრთნელს მომზადების თავისი სტილი აქვს, ზოგმა მწვრთნელმა შესაძლოა ფეხბურთელები ვისკის დალევით მოამზადოს, ჩვენ კარგი შავი ღვინო გვაქვს და ამით ვართ განთქმული და რომელი აჯობებს მოედანზე გამოჩნდება.

- პირველი თამაშიდან გამომდინარე რა იყო ''აბერდინის'' მთავარი პლუსები?

- ეს ჩემზე კარგად ''აბერდინის'' მთავარმა მწვრთნელმა იცის. ჩვენ შევეცადეთ ''აბერდინის'' სუსტი მხარეები გამოგვეყენებინა. ''აბერდინის'' ფეხბურთელები ათლეტურები არიან, შეუძლიათ მეორე სართულზე კარგად თამაში. ჩვენი ძლიერი მხარე მაშინ ჩანს, როცა ბურთი მინდორზეა.

შოტლანდიელმა ჟურნალისტებმა სოსო ფრუიძეს ''ბურსასთან'' მოპოვებული გამარჯვება გაახსენეს: ''ჩვენ გარკვეული წარმატებებისთვის მიგვიღწევია. მათ შორისაა ''ბურსასთან'' შეხვედრა. ასევე იყო ''ბეითარი,'' რომელთანაც წარმატებას მივაღწიეთ. თუ შეიძლება ვთქვათ გრანდებში შედის ''აბერდინი,'' საქართველოში ამ გუნდს ისტორიიდან გამომდინარე დიდ პატივს სცემენ. ჩვენი გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი კარგი თამაში იქნება ამ გუნდთან დაპირისპირება.''

''აბერდინისა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' დაპირისპირება თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ფოტო: afc.co.uk

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები