საბოლოო თავდასხმა პსჟ-ზე! ოპერაცია
Aa
Aa

საბოლოო თავდასხმა პსჟ-ზე! ოპერაცია "ნეიმარი" იწყება?

ნეიმარის საპნის ოპერა შესაძლოა უახლოეს პერიოდში დასრულდეს. გავლენიანი კატალონიური გამოცემა, Sport იტყობინება, რომ „ბარსელონა“ მზადაა პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით მიმართოს.

„ბარსას“ ხელმძღვანელები თვლიან, რომ ტრანსფერი საკმაოდ რთული გასაჩარხი იქნება, თუმცა გეგმავენ მიზნის მისაღწევად ყველა გზა სცადონ.

კატალონიური გრანდის მესვეურები სტრატეგიას დიდი სიფრთხილით არჩევენ. „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას“ შორის დაძაბული ურთიერთობაა, რაც ყველაფერს ერთიორად ართულებს.

გამოცდილებიდან გამომდინარე „ბარსამ“ გადაწყვიტა მესამე პირთა ჩართვაზე უარი განაცხადოს და ფრანგულ გუნდს უშუალოდ დაუკავშირდეს. შეგახსენებთ, რომ „ბლაუგრანამ“ პარიზელთა დაყოლიება საფეხბურთო აგენტის, პინი ზაჰავის დახმარებით სცადა, რაც ესპანელთა სასარგებლოდ ნამდვილად არ დასრულებულა. „კამპ ნოუს“ ბინადრები აპირებენ „ნეის“ ტრანსფერის თაობაზე პსჟ-ს ოფიციალური წინადადებით მიმართონ და შემდეგ პარიზელთა პასუხს დაელოდნონ.

კატალონიელებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ნეიმარის შეძენა სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. „პარი სენ-ჟერმენი“ „ნეის“ სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვს. „ბარსაში“ კი იციან, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდიან.

„ბლაუგრანას“ ბოსებს მარტივი გეგმა აქვთ. ფეხბურთელს პლუს გარკვეული თანხა. თუ ყველაფერი ასე მოხდა, შესაძლოა სამი განსხვავებული სცენარი ვიხილოთ. 1- პსჟ მოლაპარაკებებს შეწყვეტს და ტრანსფერზე უარს იტყვის. 2 - პსჟ „ბარსას“ შეთავაზებას დათანხმდება. 3 - პსჟ მოლაპარაკებებში ჩაერთვება და ყველაფერი უმაღლეს დონეზე, კლუბების პრეზიდენტებს შორის გადაწყდება.

„კამპ ნოუზე“ დარწმუნებულები არიან, რომ პარიზელები მოლაპარაკებებს ვერ შეწყვეტენ, რადგან ეს ნეიმარის პროვოცირებას გამოიწვევს. თანაც ბრაზილიელ შემტევსა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია.

ფაქტი ერთია. მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ორივე გუნდზე ნეგატიურად იმოქმედებს. სეზონის სტარტი ახლოვდება და ამ დროს წარმოქმნილი არეულობა არცერთი გუნდის წისქვილზე არ დაასხამს წყალს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები