''ჩიხურას'' დირექტორი:''საბურთალოს'' გამარჯვებამ განწყობა აგვიმაღლა''
Aa
Aa

''ჩიხურას'' დირექტორი:''საბურთალოს'' გამარჯვებამ განწყობა აგვიმაღლა''

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ''ჩიხურა'' გასვლით შეხვედრაში ლუქსემბურგის ''ფოლას'' დაუპირისპირდება.

იმერული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ კლუბის პრესსამსახურთან საუბარში აღნიშნა, რომ ''საბურთალოს'' გამარჯვებამ ''ჩიხურას'' ფეხბურთელების საბრძოლო განწყობა აამაღლა.

ბერიკა შუკაკიძე:''კლუბში საკმაოდ მაღალი საბრძოლო განწყობაა. ქართულ ფეხბურთსა და ''საბურთალოს'' ''შერიფთან'' გამარჯვებას ვულოცავ. იმედი მაქვს ჩვენი საბრძოლო განწყობა მოედანზე გარდაისახება.''

''ჩიხურას'' ფეხბურთელის, გიორგი კორიფაძის თქმით დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება.

გასულ სეზონში ''ფოლამ'' ლუქსემბურგის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ლევან ყენიას ''დუდელანჟს'' ჩამორჩა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟეფ შტრასერია, რომელსაც ფეხბურთელობისას ფრანგულ ''სტრასბურგსა'' და გერმანულ ''გლადბახში'' უთამაშია.

შტრასერი 2017-18 წლების სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''კაიზერს'' წვრთნიდა. 2018 წლის ზაფხულში ''ფოლამ'' პირველ ეტაპზე კოსოვოს წარმომადგენლის, ''პრიშტინას'' ბარიერი დაძლია, შემდეგ კი ბელგიურ ''გენკთან'' დამარცხდა, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა და ვაკანტური თანამდებობა შტრასერმა დაიკავა.

2010 წელს შტრასერი ''ფოლას'' მოთამაშე-მწვრთნელი იყო. 2012-17 წლებში კი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა, გარკვეული პაუზის შემდეგ 2018 წლის აგვისტოში გუნდს დაუბრუნდა, სადაც დაასრულა ფეხბურთელის კარიერა.

2017-18 წლების სეზონში შტრასერის გაწვრთნილმა ''ფოლამ'' ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაურ სვანაძის ''კეშლა'' დაამარცხა, თუმცა მესამე ეტაპზე ლუქსემბურგული კლუბი შვედურ ''ესტერსუნდთან'' დამარცხდა.

''ფოლასა'' და ''ჩიხურას'' პირველი დაპირისპირება 11 ივლისს თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები