ფედერერულად! -
Aa
Aa

ფედერერულად! - "მაესტროს" მორიგი მეგა შოუ უიმბლდონზე

როჯერ ფედერერმა უიმბლდონის მერვედფინალური შეხვედრა მარტივად მოიგო და 1/4 ფინალის საგზური მხოლოდ საათსა და 14 წუთში მოიპოვა. შვეიცარიელმა "მაესტრომ" იტალიელი მატეო ბერეტინი 6:1; 6:2; 6:2 გაანადგურა.

გამორჩეული გამოდგა პირველი სეტი, როცა ფედერერი ფანტასტიკურად თამაშობდა და ბერეტინის უბრალოდ გონს მოსვლა არ აცადა. საბოლოოდ, როჯერს პარტიის მოსაგებად, სულ რაღაც, 17 წუთი (!!!) დასჭირდა.

ცალ კარში მიდიოდა თამაში დანარჩენ ორ სეტშიც, 37 წლის შვეიცარიელმა ბერეტინის არანაირი შანსი არ მისცა და ახალგაზრდა ჩოგბურთელს უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე კოშმარული დებიუტი მოუწყო. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელს მთელ მატჩში მხოლოდ 5 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

შედეგად, ფედერერი ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება, რომელმაც ყაზახ მიხაილ კუკუშკინს 4 სეტში მოუგო.

"მხიარული როჯერი" უიმბლდონის მეოთხედფინალურ ეტაპზე მე-17-ედ ითამაშებს, იგი ამ ტურნირზე მე-100 გამარჯვებასაც უმიზნებს და თუკი ნიშიკორის დაამარცხებს, ღია ერაში პირველი ჩოგბურთელი გახდება, რომელიც დიდი სლემის რომელიმე ტურნირზე 100 მატჩს მოიგებს.

იოლად მოიგო თავისი შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც, რომელმაც ფრანგ უგო უმბერს მხოლოდ 8 გეიმი დაუთმო და 6:3; 6:2; 6:3 დაამარცხა. სერბი ვარსკვლავი 1/4 ფინალში დავიდ გოფენის წინააღმდეგ ითამაშებს.

ჯოკოვიჩი დიდი სლემის მეოთხედფინალში 45-ედ გავიდა, უშუალოდ უიმბლდონზე კი ამ სტადიას მე-11-ედ მიაღწია.

ზოგადად, საინტერესოა, რომ უიმბლდონის წლევანდელ 1/4 ფინალში რეიტინგის საუკეთესო ათეულიდან მხოლოდ 4 ჩოგბურთელი ითამაშებს. ასეთი რამ ამ ტურნირზე 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა, როცა ამავე ეტაპზე როჯერ ფედერერი (1), რაფაელ ნადალი (2), რიშარ გასკე (8) და მარკოს ბაგდატისი (10) გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები