ბარსელონური ქაოსი სრულდება - გრიზმანი 99% გაფორმებულია,
Aa
Aa

ბარსელონური ქაოსი სრულდება - გრიზმანი 99% გაფორმებულია, "ბარსა" ნეიმარს რჩევას აძლევს...

სატრანსფერო ამბები „ბარსას“ ირგვლივ საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე „ბლაუგრანა“ ბაზარზე მთავარ მოთამაშედ რჩება და ასე შესაძლოა ივლისის ბოლომდე გაგრძელდეს.

ევროპულ პრესაში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება და ჩვენ შევეცდებით ამ ქაოსში არსებული სიტუაცია ყველაზე ობიექტურად წარმოვაჩინოთ.

გრიზმანის ტრანსფერი

უკვე 99%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრიზმანი „ბარსას“ მაისურს მოირგებს. ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Cadena SER-მა დაწერა, რომ კატალონიელები 28 წლის ფეხბურთელს 10 ივლისს ოფიციალურად წარადგენენ. შესაძლოა ყველაფერი გაცილებით ადრეც მოხდეს.

რა ხდება კოუტინიოს ირგვლივ

გუშინ დღის პირველ ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოუტინიო პსჟ-ს შეუთანხმდა და კარიერას პარიზელთა რიგებში გააგრძელებდა.

რამდენიმე საათში ხსენებული ინფორმაცია ბრაზილიელი ფეხბურთელის გარემოცვამ უარყო.

შემდეგ კი ფეხბურთელის აგენტმა კია ჯორაბჩიანმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი კლიენტი „ბარსელონას“ არ დატოვებს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პეპ სეგურას (კლუბის ვიცე-პრეზიდენტი) ვესაუბრე. კლუბი ამ ზაფხულს კოუტინიოს გაყიდვას არ აპირებს, მიუხედავად იმისა თუ რამდენს გადაიხდიან მის სანაცვლოდ.

ჩვენ პსჟ-სთან ტრანსფერის თაობაზე არანაირი კონტაქტი არ გვქონია“.

ამ განცხადების შემდეგ, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ „ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტი პეპ სეგურა თანამდებობიდან გადადგა.

სეგურას წასვლის მიზეზად კლუბის ბორდთან უთანხმოება სახელდება, რომელიც ძირითადად სატრანსფერო პოლიტიკას ეხება.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კოუტინიოს გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერაც ღიად რჩება და ამ ეტაპზე გარკვეული არაფერია.

დემბელე, პსჟ და „ბაიერნი“

მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა უკვე დააფიქსირა პოზიცია, რომლის თანახმადაც დემბელეს გაყიდვა გამორიცხული იყო, ბოლო კვირაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ფრანგი გარემარბით მიუნხენის „ბაიერნი“ ინტერესდება და სოლიდური თანხის გადასახდელადაც მზადაა.

პსჟ კი დემბელეს ნეიმარის ტრანსფერში ჩართვას კვლავაც ითხოვს. ჯერჯერობით უცნობია რას ფიქრობს თავად ფეხბურთელი...

„ბლაუგრანამ“ ტონი შეარბილა და უსმან დემბელე ამ მომენტისთვის არც ისე ხელშეუხებელია.

მთავარი თემა - ნეიმარი და მის ირგვლივ არსებული ქაოსი

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილია-არგენტინის მატჩის შემდეგ ნეიმარი და მესი ერთმანეთს შეხვდნენ.

ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეოც ხელმისაწვდომია, რომელშიც ჩანს რომ ფეხბურთელები ერთმანეთს არც ისე თბილად შეეგებნენ, თუმცა ამას თავისი მიზეზები აქვს. მარცხის შემდეგ მესი მსაჯებზე გაცოფებული იყო და გულთბილი შეხვედრებისთვის არ ეცალა.

საინტერესოა იყო თუ არა ეს მათი ერთადერთი შეხვედრა? ბრაზილიური გამოცემები წერდნენ, რომ მესიმ და ნეიმარმა ერთმანეთი მატჩამდე ნახეს და ეს პრესის წინაშე მათი მეორე გამოჩენა იყო.

რაც შეეხება ბრაზილიელის ტრანსფერს, როგორც ცნობილია ნეიმარი პსჟ-სთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადებას გეგმავდა. ფეხბურთელი პარიზში ჩასვლის წინააღმდეგი იყო და ბრაზილიიდან პირდაპირ ბარსელონაში გაფრენა სურდა.

ნეიმარს ყველაფრის გარკვევა 8 ივლისამდე სურს, თუმცა მოვლენები მისი სურვილებისამებრ არ ვითარდება. დღეს Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბარსამ“ ბრაზილიელს პარიზში ჩასვლა და გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადების დაწყება ურჩია.

„ბარსელონა“ ნეიმარს ურჩევს, რომ მან პარიზელებს ყველაფერი აუხსნას და სიტუაცია დააწყნაროს. ასე შორიდან ულტიმატუმების ენით საუბარი მოლაპარაკებებს ჩიხში შეიყვანს. ასეთია კატალონიელთა პოზიცია.

ამრიგად, მოსალოდნელია რომ ნეიმარი პარიზში „ბარსელონას“ რეკომენდაციით დაბრუნდება. L’Equipe წერს, რომ ბრაზილიელის უკან დაბრუნება რა თქმა უნდა ბლეფია და ის პსჟ-ს აუცილებლად დატოვებს.

დასკვნა

საერთო სურათიდან აშკარად ჩანს, რომ კლუბის ბორდში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს ვიცე-პრეზიდენტის პეპ სეგურას გადადგომამაც დაადასტურა.

ამ ეტაპზე კვლავ ნათელი რჩება, რომ „ბარსას“ ნეიმარის დაბრუნება უნდა და ამაზე ბრაზილიელიც თანახმაა.

ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება თუ რა ოდენობის თანხას გადაიხდის „ბარსელონა“ მის სანაცვლოდ და რომელ ფეხბურთელებს ჩართავს მოლაპარაკებებში.

კოუტინიო, დემბელე, რაკიტიჩი, უმტიტი - ამ ოთხეულის „ბარსელონური“ მომავალი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშაა და ნეიმარის ტრანსფერთან პირდაპირ კავშირშია.

„ბარსელონა“ ადასტურებს, რომ ნეიმარის დაბრუნება კლუბს ნამდვილად სურს. ასევე, ჩვენს მიერ ზემოთნახსენები ოთხეულის ტრანსფერზე დაყენებაც პრაქტიკულად დადასტურებულია და ეს პსჟ-სთან მოლაპარაკებების დასრულებამდე ასე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები