Aa
Aa

The Sun - ლამპარდი "სტემფორდ ბრიჯზე" მუშაობას მომდევნო კვირიდან შეუდგება

წამყვანი ბრიტანული გამოცემა The Sun იუწყება, რომ ლონდონის „ჩელსისა“ და ფრენკ ლამპარდს შორის შეთანხმება შედგა და „ლურჯების“ ლეგენდა „სტემფორდ ბრიჯზე“ მუშაობას მომდევნო კვირიდან შეუდგება.

„არისტოკრატები“ „სუპერ ფრენკს“ 3 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ და ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 5.5 მილიონ ფუნტს გადაუხდიან. ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა ამ მომენტშიც მიმდინარეობს, თუმცა The Sun აცხადებს, რომ ლამპარდის „ჩელსიში“ დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციით ფრენკმა ვერ გაუძლო ცდუნებას გაეწვრთნა გუნდი, რომლის ღირსებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იცავდა და ლამპარდს პრობლემები არც „დერბიმ“ შეუქმნა.

„ლურჯებში“ ლეგენდარული ინგლისელი პეტრ ჩეხის მხარდამხარ იმუშავებს. „სუპერ ფრენკის“ ასისტენტი ჯოდი მორისი იქნება. გოლკიპერების ვარჯიშს საკუთარ თავზე შეი გივენი აიღებს, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელის ფუნქციებს კრის ჯონსი შეითავსებს.

„ნისლიან ალბიონზე“ „ჩელსის“ გადაწყვეტილებას სარისკო უწოდეს, რადგან ლამპარდს არც თუ ისე დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. მან „დერბის“ თავკაცის პოსტზე მხოლოდ ერთი წელი გაატარა და გუნდი ჩემპიონშიფის პლეიოფში გაიყვანა, თუმცა პრემიერ ლიგის საგზურის დასაკუთრება ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები