ნეიმარის ტრანსფერი - პრობლემები, რომელთა გადაჭრა „ბარსელონას“ მოუწევს და ბარტერი „პსჟ-სთან“
Aa
Aa

ნეიმარის ტრანსფერი - პრობლემები, რომელთა გადაჭრა „ბარსელონას“ მოუწევს და ბარტერი „პსჟ-სთან“

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკლავის, ნეიმარის „კამპ ნოუზე“ გადასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. გამთენიისას ბრაზილიურმა ტელეარხმა, Globo-მ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ 27 წლის შემტევის ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებენ.

პარიზელებს თავის დროზე „ნეის“ შეძენა 222 მილიონი ევრო დაუჯდათ და მის სანაცვლოდ დაახლოებით იგივე თანხას მოითხოვენ. „ბარსელონას“ პირველი პრობლემა სწორედ ფინანსურ მხარეს უკავშირდება. კატალონიელებს 200 მილიონზე მეტის გადახდის ფუფუნება ნამდვილად არ აქვთ და გეგმავენ ბარტერს მიმართონ. „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა ფრანგი კოლეგების დაყოლიებას რამდენიმე ფეხბურთელის შეთავაზებით შეეცდება. „ბარსას“ წისქვილზე ისიც ასხამს წყალს, რომ პარიზელებს „კამპ ნოუზე“ მოასპარეზე მოთამაშეების მიმართ დიდი ინტერესი აქვთ.

ტომაშ ტუხელის ფავორიტი უსმან დემბელეა. ამ უკანასკნელთან გერმანელი სპეციალისტი „დორტმუნდში“ მუშაობდა და მის შესახებ ყველაფერი კარგად იცის. თანაც დემბელე ფრანგია და მის სამშობლოში თვლიან, რომ იგი ფრანგული ფეხბურთის ამომავალი ვარსკლავია.

„პსჟ-ს“ ფილიპე კოუტინიოს გადაბირების პერსპექტივაც ხიბლავს. პარიზელები ბრაზილიელს შარშანაც აკვირდებოდნენ და სპორტული დირექტორის პოსტზე ლეონარდოს დანიშვნა „პარკ დე პრენსის“ ბინადრების შანსებს აორმაგებს. ხსენებულ დუეტთან ერთად ივან რაკიტიჩიც განიხილება. ხორვატმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კლუბში დარჩენა სურდა, თუმცა როგორც ჩანს „ბლაუგრანა“ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და დიდი შანსია რაკიტიჩმა კატალონია დატოვოს.

მეორე პრობლემა, რომელიც „ბარსელონამ“ უნდა გადაჭრას „ნეის“ ანაზღაურებაა. „პსჟ-ში“ ბრაზილიელის ხელფასი 30 მილიონი ევროა. "ბლაუგრანას" სამომავლო გეგმებში 30 მილიონის გადახდა ნამდვილად არ შედის და თუ ნეიმარს "კამპ ნოუზე" თამაში მართლა სურს დათმობებზე უნდა წავიდეს. თანაც "ნეიმ" სარჩელიც უნდა გამოიტანოს, რომელიც კლუბის წინააღმდეგ აქვს შეტანილი.

დაბოლოს, კატალონიელთა პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "ბარსას" მმართველმა საბჭომ თავად უნდა გადაწყვიტოს ვისი ტრანსფერის გაჩარხვა სურს და ვისი არა. ასე რომ გამორიცხული არაა რიგ მიზეზთა გამო „კამპ ნოუს“ ბინადრების ხელმძღვანელთა ნაწილისთვის ნეიმარის შეძენა მიუღებელი აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები