სამი ფეხბურთელი მბაპეს სანაცვლოდ?
Aa
Aa

სამი ფეხბურთელი მბაპეს სანაცვლოდ? "ბარსელონა" მეგა-ტრანსფერს ამზადებს?

კატალონიის „ბარსელონას“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე დიდი გეგმები აქვს. „კამპ ნოუს“ ბინადრები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს უმიზნებენ.

გავლენიანი ესპანური გამოცემა Diario Gol-ის ცნობით „ბლაუგრანას“ ინტერესთა სფეროში „პასი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდა სუპერვარსკლავი, კილიან მბაპე მოექცა. ბოლო პერიოდში ამ უკანასკნელის შესახებ უცხოური პრესა აქტიურად წერს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ მბაპეს „პარკ დე პრენსის“ დატოვება სურს.

Diario Gol იტყობინება, რომ ლიონელ მესიმ კლუბს ანტუან გრიზმანთან ერთად ნეიმარის შეძენა მოსთხოვა, თუმცა „ბარსელონას“ მესვეურები სხვა პოზიციას იკავებენ და ბრაზილიელზე წინ მბაპეს აყენებენ.

„ბლაუგრანა“ ფრანგი სუპერვარსკლავის ტრანსფერის გასაჩარხად წინადადებას ამზადებს და გეგმავს „პსჟ-ს“ სამი ფეხბურთელი დაუთმოს. ესპანური ტაბლოიდის მიხედვით „ბარსა“ პარიზულ კლუბს ივან რაკიტიჩს, უსმან დემბელეს და სამუელ უმტიტის შესთავაზებს.

დემბელეს ტომაშ ტუხელი მშვენივრად იცნობს და მასთან ერთად „დორტმუნდში“ აქვს ნამუშევარი. თანაც საფრანგეთში თვლიან, რომ ფრანგი ამომავალი ვარსკლავია და მის დაბრუნებას დიდი სიხარულით შეხვდებიან. უმტიტის ტრავმებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს და „კამპ ნოუზე“ კლემენტ ლენგლეს მოსვლის შემდეგ მისი კატალონიური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რაც შეეხება რაკიტიჩს, ხორვატი თანახმაა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუმცა როგორც ჩანს კლუბი უარზეა.

აშკარაა, რომ აღნიშნულ ტრიოს „პარკ დე პრენსზე“ დიდი ოვაციებით შეხვდებიან, მაგრამ საკითხავი ისაა დათანხმდება თუ არა „პსჟ“ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკლავის გუნდიდან გაშვებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები