ლუის ჰემილტონი თავის „მფარველ ანგელოზს“ დაემშვიდობა...
Aa
Aa

ლუის ჰემილტონი თავის „მფარველ ანგელოზს“ დაემშვიდობა...

„მერსედესის“ ბრიტანელმა პილოტმა, ლუის ჰემილტონმა თავის „მფარველ ანგელოზს“, ჰარი შოუს პატივი მიაგო. ეს უკანასკნელი 5 წლის ბიჭუნა გახლდათ, რომელიც ჰემილტონის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო.

სამწუხაროდ ჰარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და კვირას იუინგის სარკომასთან ბრძოლაში დამარცხდა.

5 წლის შოუმ სახელი ესპანეთის გრან- პრის წინ გაითქვა. რბოლის დაწყებამდე მან ლუის ჰემილტონს წარმატება უსურვა. ბრიტანელმა პილოტმა კი გამარჯვება მას მიუძღვნა და მადლობის ნიშნად საჩუქრები გაუგზავნა, რომელთა შორის ფორმულა ერთის ბოლიდი და ესპანეთის გრან-პრის თასიც იყო.


 

მოგვიანებით ლუისმა ჰარის შესახებ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა:“დღეს ბიჭუნა სახელად ჰარისგან წერილი მივიღე და იგი ჩემ მფარველ ანგელოზად იქცა. დილით რომ გავიღვიძე საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიყავი და არ ვიცოდი დღევანდელ რბოლას როგორ ჩავატარებდი. შემდეგ მისი შეტყობინება ვნახე და ყველაფერი შეიცვალა.

შთაგონების წყაროს ვეძებდი და ბარსელონაში მოპოვებული წარმატება სწორედ ჰარის მივუძღვენი. ცოტა ხანში მადლობის წერილს გავუგზავნი და ვეცდები მისთვის რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო“.

ჰარის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ჰემილტონმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე 5 წლის ბიჭუნას ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი ტექსტი დაურთო: „ჰარი, დიდი მადლობა ჩვენთვის ამხელა პოზიტივს რომ ასხივებდი. შენ მამაცი ხარ და მსოფლიოს ძალიან დააკლდები. დიდი მადლობა! შენ ჩემი მეგობარი და შთაგონების წყარო იყავი. ღმერთმა დაგლოცოს და მშვიდობით განისვენე“.

ცხელი ამბები