გრიზმანს პლუს კიდევ ერთი ფორვარდი -
Aa
Aa

გრიზმანს პლუს კიდევ ერთი ფორვარდი - "ბარსა" 9 ნომერს ეძებს

ჩემპიონთა ლიგიდან დამამცირებლად გამოვარდნის შემდეგ, „ბარსელონა“ შემადგენლობის გაძლიერებაზე აქტიურად არის გადართული.

ფრენკი დე იონგის შემდეგ კლუბი ანტუან გრიზმანის ტრანსფერს აგვარებს და ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ გულშემატკივრები ოფიციალურ განცხადებასაც ელოდებიან.

ერნესტო ვალვერდე ახალი სეზონიდან გაცილებით ღრმა შემადგენლობის შეკრებას გეგმავს. მწვრთნელი ხვდება, რომ ლუის სუარესს შემცვლელი სჭირდება, ვინც მას დასვენების საშუალებას მისცემს და კონკურენციასაც გაუწევს.

უკვე ფაქტია, რომ „ბარსა“ გრიზმანს ურუგვაელის კონკურენტად არ ყიდულობს, ვალვერდეს მასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.

დღეს ესპანურმა Mundo-მ დაწერა, რომ კატალონიელები სათადარიგო 9 ნომრის გაფორმებას გეგმავენ და საამისოდ მათ სიაც აქვთ.

ფერნანდო ლორენტე (ტოტენჰემი), მაქსი გომესი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა) და ვისამ ბენ იედერი (სევილია) – „ბარსა“ თვლის, რომ ამ ფორვარდთაგან რომელიმეს გაფორმება მათთვის პრობლემა არ იქნება.

დავიწყოთ მაქსი გომესით. „სელტას“ 22 წლის ფორვარდს „ბარსელონას“ უკვე მეორე წელია უკავშირებენ. ვიგოში გატარებულ ორ სეზონში გომესმა 31 გოლის გატანა შეძლო და „ბარსას“ ყურადღებაც მიიპყრო.

„სელტა“ მას 50 მილიონ ევროდ აფასებს, თუმა „ბარსას“ ფეხბურთელის 25 მილიონად შეძენის იმედი აქვს.

ფერნანდო ლორენტე „ტოტენჰემში“ უიმედო დუბლიორია, რომელსაც ძირითადში კეინის ტრავმის შემთხვევაშიც არ ათამაშებენ.

34 წლის ბასკი ფორვარდი ძირითადად ცვლილებაზე თამაშობს და ისიც 20-25 წუთი, თუმცა მის შანსს ის საკმაოდ კარგად იყენებს.

ამ ყველაფრის ფონზე ლორენტეს ლონდონური სტატისტიკა ასეთია - მინდორზე მან 1,238 წუთი გაატარა, 9 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ვალვერდე ლორენტეს კარგად იცნობს. ისინი „ბილბაოში“ ერთად მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ მისი შეძენა ხსენებული სიიდან ყველაზე იაფად შეეძლება.

28 წლის ფრანგი ფორვარდი ვისამ ბენ იედერი - მორიგი სამიზნე, რომელიც „სევილიას“ ეკუთვნის.

ნაცნობი სურათი - „ბარსა“ „სევილიას“ ფეხბურთელით ინტერესდება. ამ ორ გუნდს ერთმანეთთან დიდებული ურთიერთობა აქვთ.

დანი ალვეში, სეიდუ კეიტა, ადრიანო კორეა, ივან რაკიტიჩი, კლემენ ლენგლე - ეს ფეხბურთელები „კამპ ნოუზე“ სწორედ „სევილიადან“ მოხვდნენ.

ბენ იედერის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონია. ფრანგის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 შეხვედრაში 30 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

და მივადექით კრისტიან სტუანის, რომლის შეძენასთან „ბარსა“ იანვარში საკმაოდ ახლოს იყო, თუმცა ბართომეუმ უფრო იაფი ვარიანტი ამჯობინა და ბოატენგი გაიფორმა, რაც საბოლოოდ მცდარი გადაწყვეტილება გამოდგა.

32 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 19 გოლის გატანა შეძლო, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

„ბარსას“ მისი შეძენა დაახლოებით 15-20 მილიონი დაუჯდება.

ხსენებულ სიას შესაძლოა უახლოეს მომავალში ვინმე დაემატოს, ან პირიქით გამოაკლდეს, თუმცა ფაქტია რომ „ბარსელონას“ სათადარიგო ცენტრფორვარდის შეძენა გადაწყვეტილი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები