Aa
Aa

"პორტლენდმა" შანსი ვერ გამოიყენა - "გოლდენ სტეიტმა" მეორეც მოიგო

დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ „პორტლენდს“ საშინაო კედლების უპირატესობის დაბრუნების კარგი შანსი ჰქონდა. „ტრეილ ბლეიზერსმა“ მეორე მატჩი უკეთ ჩაატარა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებზე მიზანმა უმტყუნა.

დემიენ ლილარდმა და კომპანიამ შესანიშნავად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 15 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ „გოლდენ სტეიტმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წლეულს დასავლეთ კონფერენციაში უკონკურენტოა. „მეომრებმა“ მესამე მეოთხედი ფენომენალურად ჩაატარეს, 39 ქულა ჩააგდეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში გაათანაბრეს.

„პორტლენდი“ არ დანებებულა და „უორიორზს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მეოთხე მეოთხედის ბოლო 4 წუთში მხოლოდ 3 ქულა მიითვალა და ასეთ პირობებში „გოლდენ სტეიტის“ დამარცხება შეუძლებელია. სტივ კერის შეგირდებმა მეტოქეს 114 – 111 სძლიეს და 2-0 დაწინაურდნენ.

„ორექლ არენაზე“ გამართული შეხვედრების შემდეგ სერია „პორტლენდის“ საშინაო არენაზე გადაინაცვლებს. „ტრეილ ბლეიზერსს“ ჩამორჩენის აღმოფხვრის კარგი შანსი ექნება. გავრცელებული ინფორმაციით „გოლდენ სტეიტი“ კვლავ კევინ დურანტის გარეშე იასპარეზებს. NBA.com-ის ცნობით „კეიდი“ პორტლენდში გამგზავრებასაც არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები