Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" პელე! "წითელი ეშმაკების" მესვეურები მარსიალის გაყიდვას არ აპირებენ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას აპირებს. „კარდიფთან“ განცდილი მარცხის შემდეგ ოლე გუნარ სულშერმა ფეხბურთელებს განუცხადა, რომ მათი უმრავლესობა უახლოეს პერიოდში გუნდს დატოვებდა.

ბრიტანული გამოცემები წამსვლელთა შორის რამდენიმე ვარსკლავს ასახელებენ. მათ შორის ენტონი მარსიალიცაა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგი მოთამაშის გასხვისებას არ გეგმავს.

„მანჩესტერის“ თანაპრეზიდენტი ჯოელ გლეიზერი მარსიალზე დიდ იმედებს ამყარებს და მიაჩნია, რომ იგი „იუნაიტედის“ პელე გახდება. 23 წლის ფეხბურთელის გაშვება „წითელი ეშმაკების“ ნორვეგიელ თავკაცსაც სურდა, მაგრამ გლეიზერმა პირად საუბარში ოლე გუნარს ენტონის გაყიდვა კატეგორიულად აუკრძალა.

მარსიალი „მანჩესტერის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს. გასულ სეზონში მას თავი არაფრით გამოუჩენია და ხშირ შემთხვევაში სათადარიგო სკამზე უწევდა ყოფნა. „ოცნებათა თეატრის“ ბინადრების ქომაგებს სჯეროდათ, რომ ფრანგი შემტევი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

მარსიალს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ენტონის გასხვისება სულშერის გარდა თავის დროზე ჟოზე მოურინიოსაც უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს 23 წლის ფეხბურთელი „მანჩესტერის“ რიგებში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები