Aa
Aa

"ლივერპულის" საუკეთესო "ქამბექები" ევროტურნირებზე

იურგენ კლოპის „ლივერპული“ - გუნდი, რომელიც „კამპ ნოუზე“ განცდილი მარცხის შემდეგ არ დანებებულა და „ენფილდზე“ მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს გარეშე მესის „ბარსელონას“ 4 – 0 სძლია.

„მერსისაიდელთა“ გმირობა ისტორიას აუცილებლად დარჩება. „წითლებს“ ევროტურნირებზე რამდენიმე ფენომენალური ქამბექი აქვთ გაფორმებული, თუმცა „ბარსელონასთან“ ჯახს ალბათ მხოლოდ 2005 წლის ფინალი თუ შეედრება.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალი, 2016 წელი

ლივერპული - დორტმუნდი 4 – 3 (5-4)

„დორტმუნდისა“ და „ლივერპულის“ პირველი შეხვედრა „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა და ფრედ, 1-1 დასრულდა. განმეორებით მატჩი გერმანელთა სრული უპირატესობით დაიწყო. „დორტმუნდი“ მეცხრე წუთზე უკვე ორბურთიან ჰანდიკაპს ფლობდა. "ენფილდზე" შეკრებილი გულშემატკივარი მალევე  დივოკ ორიჯიმ გაახარა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა როისმა კიდევ ერთი ბურთი შეაგდო.

„მერსისაიდელებმა“ ბოლომდე იბრძოლეს. „წითლების“ მხრიდან თავი ჯერ ფილიპე კოუტინიომ და მამადუ სახომ გამოიჩინეს, ბოლო წუთებზე კი გმირი დეიან ლოვრენი გახდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, 2004 წელი

ლივერპული - ოლიმპიაკოსი 3 - 1

2004 წელს „ლივერპული“ ჯგუფიდან გასასვლელად იბრძოდა და მოგება სჭირდებოდა. "ოლიმპიაკოსი" მაღალ დონეზე ასპარეზობდა და რივალდოს გოლით ანგარიში სწორედ ბერძნებმა გახსნეს.

„წითლებმა“ თავიანთი ხასიათი ამჯერადაც წარმოაჩინეს. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ფლორენ სინამა პონიოლმა წონასწორობა აღადგინა. „მერსისაიდელები“ ნილ მელორმა დააწინაურა, ხოლო გადამწყვეტი გოლი ყუმბარისებული დარტყმით სტივენ ჯერარდმა შეაგდო.

როგორც მოგეხსენებათ იმ სეზონში რაფა ბენიტესის ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2005 წელი

ლივერპული - მილანი  3 – 3

სტამბოლში გამართული ფინალი ალბათ ყველას კარგად გემახსოვრებათ. პირველი ტაიმის შემდეგ „როსონერი“ 3-0-ს იგებდა, მაგრამ „მერსისაიდელებმა“ ზუსტად ისე, როგორც "ბარსასთან" ისტორია დაწერეს!

„მილანის“ კარი სტივენ ჯერარდმა, ვლადიმირ შმიცერმა და ჩაბი ალონსომ აიღეს. თერთმეტმეტრიანების სერია კი იერჟი დუდეკის ბენეფისად იქცა.

უეფას თასი მეორე რაუნდი 1991 წელი

ლივერპული - ოსერი 3 – 2

1991 წელს „წითლებმა“ საფრანგეთში სრული კრახი განიცადეს და პირველი შეხვედრა 2-0 წააგეს. „ენფილდზე“ ყველაფერი განსხვავებული სცენარით წარიმართა. „ლივერპულმა“ იან მოლბის თერთმეტმეტრიანით ანგარიში მალევე გახსნა. „მერსისაიდელებმა“ ორი მატჩის ჯამში წონასწორობა მესამოცე წუთზე, მაიკ მარშის გოლის წყალობით აღადგინეს. მომდევნო ეტაპის საგზური კი გუნდს მარკ უოლტერსმა დაუბევა, რომელმაც „ოსერის“ კარი 83-ე წუთზე აიღო.

ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალი, 1977 წელი

ლივერპული - სენტ ეტიენი 3 - 2

„ლივერპულის“ ქომაგებისთვის 1977 წელი განსაკუთრებული თარიღია. „მერსისაიდელებმა“ ჩემპიონთა თასი პირველად სწორედ ამ სეზონში ასწიეს.

„წითლებმა“ ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს. ყველაზე დიდ წინააღმდეგობას კი „სენტ ეტიენთან“ შეხვდნენ. პირველი მატჩი ფრანგების მინიმალური უპირატესობით დასრულდა. მეორე შეხვედრაში „ლივერი“ დაწინაურდა, თუმცა „სენტ ეტიენმა“ სხვაობა მალევე შეამცირა, მაგრამ „ენფილდის“ ბინადრებმა სასურველი შედეგის დაფიქსირება მაინც მოახერხეს.

და რაღა თქმა უნდა "ლივერპულის" ქამბექი "ბარსელონასთან"!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები