ბარსელონა VS ლივერპული - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ბარსელონა VS ლივერპული - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი „ბარსელონამ“ „ლივერპულს“ 3:0 მოუგო და საპასუხო შეხვედრის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა. ლუის სუარესმა ამ ტურნირზე 1-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და ესპანელები დააწინაურა, რასაც მეორე ტაიმში მესის დუბლი მოჰყვა.

იურგენ კლოპის თქმით, მატჩის უგოლოდ დასრულებით საქმე ძალიან გართულდა, მეორე მხრივ კი გერმანელმა საკუთარი ბიჭების თამაშის ხარისხობრივი ზრდით კმაყოფილება გამოთქვა.

„გოლი ვერ გავიტანეთ, რითაც ცხოვრება გავირთულეთ, თუმცა, ჩემი აზრით, ბიჭების თამაშის ხარისხი უკეთესია და გუნდის პროგრესიც სახეზეა, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი პატივისცემის ღირსია. მატჩის მიმდინარეობისას ბევრი ვიხალისე და სიამოვნებაც მივიღე, თუმცა წავაგეთ და ეს სახალისო ნამდვილად არაა.

იმ მომენტებში მესის შეჩერება შეუძლებელი იყო, საჯარიმოს დარტყმისას თავს ვერ დავიცავდით. ძალიან მაგრად დაარტყა და საუცხოო გოლი გაიტანა. რაც შეეხება მეორე გოლს, ის მესის კარიერაში საუკეთესო ნამდვილად არაა, მაგრამ მის უნარებს ძალიან კარგად გვიჩვენებს, თამაშს არ გამოეთიშა და ძელიდან ასხლეტილ ბურთს სწორ პოზიციაზე დახვდა. ამ ყველაფრის გარდა თავს კარგად ვიცავდით, მათ შორის მესისგანაც, რომელიც გასაოცარი ფეხბურთელია და მისი თამაშით მეც დიდ სიამოვნებას ვიღებ.

თამაშის წინ ჩვენ დიდი შანსი გვქონდა, ახლა კი ყველაფერი რთულადაა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ისღა დაგვრჩენია, საპასუხო მატჩში მიზნის მიღწევა ვცადოთ“.

„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის 11 შეხვედრაში იმაზე მეტი წაგება აქვს, ვიდრე სხვა ტურნირებზე ერთად გამართულ 38 თამაშში. „ბარსელონამ“ კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, „ნოუ კამპზე“, დაუმარცხებელი სერია 32 მატჩამდე გაზარდა.

უშუალოდ მესიმ „ბარსას“ მაისურით 600 გოლი მოაგროვა და საინტერესოა, რომ მას პირველი გოლი ზუსტად 14 წლის წინ, 2005 წლის ასევე 1-ელ მაისს აქვს გატანილი. ამასთანავე, ტომას მიულერის შემდეგ მესი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც 3 სხვადასხვა ინგლისური კლუბის კარში გაიტანა.

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა, რომელიც არგენტინელ სუპერვარსკვლავს უკავშირდება ისაა, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე 32-ე გუნდს გაუტანა, ამაზე მეტი - 33 მეტოქე კი მხოლოდ რაულს ჰყავს დამწუხრებული.

კატალონიელთა დამრიგებელი, ერნესტო ვალვერდე, ამბობს, რომ გუნდმა წინა სეზონის შეცდომები არ უნდა დაივიწყოს და განმეორებითი შეხვედრის წინ ყურადღებით იყოს.

„წინა სეზონის გამოცდილება არ უნდა დავივიწყოთ და ზედმეტი თავდაჯერებაც არაფერს გვარგებს. ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა და ეს იქამდე არ მოხდება, სანამ „ენფილდზე“ მძიმე ბრძოლის შედეგად მიზანს არ მივაღწევთ.

რა თქმა უნდა, ვხედავ, რომ „ლივერპულს“ აქვს ის რესურსი, რითაც ნებისმიერი მეტოქის, მათ შორის ჩვენი დამარცხებაც შეუძლია. გასულ სეზონში პირველი მატჩის შემდეგ 3-ბურთიანი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ტურნირს გამოვეთიშეთ“.

სხვათა შორის, „ლივერი“ ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელსაც „ნოუ კამპზე“ „ბარსა“ დაუმარცხებია, ეს 1976 და 2007 წლებში მოხდა. „ლივერპული“ და „ბარსელონა“ საპასუხო შეხვედრას 7 მაისს, „ენფილდზე“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები