Aa
Aa

"ბარსელონა" VS "ლივერპული" - მატჩის წინ

საფეხბურთო სამყაროს ყურადღება დღეიდან ბარსელონასკენ იქნება მიმართული, სადაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ბარსელონა“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ოფიციალური მატჩი იანვრის შემდეგ არცერთ მათგანს არ წაუგია. უშუალოდ „ბარსა“ კი საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 2013 წლის შემდეგ, უკვე 31 შეხვედრაა არ აგებს.

„ბლაუგრანა“ მშვენიერ ხასიათზეა, რადგან უქმეებზე ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა და ამას „ლევანტეს“ რთულ ბრძოლაში დამარცხებით მიაღწია. მატჩის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა მესიმ შეაგდო.

მასპინძლები პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით არიან, მათი მხრიდან მხოლოდ რაფინია ვერ ითამაშებს.

გულშემატკივრებს ემადლიერება ერნესტო ვალვერდე, რომელიც აღნიშნავს, რომ შაბათს მიღწეული გამარჯვება მათი დიდი დამსახურება იყო. ვალვერდეს თქმით, ფანებმა დღესაც ასეთივე ატმოსფერო უნდა შექმნან.

ვალვერდე: „ბოლო კვირებში „კამპ ნოუზე“ შეკრებილმა გულშემატკივარმა ჩვენს წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. 90 000-ზე მეტი ქომაგის თვალწინ რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და მათი გავლენა აშკარა იყო. იმედი მაქვს ნახევარფინალურ მატჩშიც ყველაფერი ზუსტად ასეთი სცენარით წარიმართება“.

„ლივერპული“ საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი შემტევები ჰყავს, მაღალ ტემპში თამაში უყვარს და პრესინგს ხშირად მიმართავს. დარწმუნებული ვარ გამონაკლისი არც დღევანდელი დაპირისპირება იქნება. „ლივერპული“ მაღალ პრესინგს დააწესებს და დაცვის ხაზს წინ ამოწევს, რათა ბურთი ჩვენსავე ნახევარზე წაგვართვას. „მერსისაიდელები“ თავისუფალ ზონებს მშვენივრად იყენებენ და სახიფათო მომენტების შექმნა შეუძლიათ. „ლივერპული“ სწრაფ ტემპში თამაშობს და სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ჩვენც მაღალ დონეზე უნდა ვიასპარეზოთ“.

პარასკევს გამართა პრემიერ ლიგის მატჩი „ლივერპულმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ჰადერსფილდს“ 5:0 მოუგო. მეტოქის მსგავსად, საბრძოლო შემადგენლობითაა „ლივერიც“, თუმცა რობერტო ფირმინოს მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ მაინც სავარაუდო შემადგენლობაში მოიაზრება.

იურგენ კლოპის განცხადებით, „ბარსელონა“ მხოლოდ მესი არაა და გუნდს მის გარდა კიდევ 10 უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავს, ამიტომ მერსისაიდელები მაქსიმალური ყურადღებით ითამაშებენ.

კლოპი: „ორი აზრი არაა, რომ ფელიპე კოუტინიო გვაკლია. ბრაზილიელი მსოფლიო დონის ფეხბურთელია და მასთან მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებდი, თუმცა იძულებულები ვიყავით მის გარეშე თამაშს შევგუებოდით და ვფიქრობ დავალებას თავი კარგად გავართვით. როცა პირველად გავიგე, რომ კოუტინიოს „ბარსელონაში“ გადასვლა სურდა, მეგონა ძალიან გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა“.

„დარწმუნებული ვარ „კამპ ნოუზე“ საოცარი ატმოსფერო იქნება. საშინაო კედლების უპირატესობა სწორედ ესაა. დღევანდელ შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე „ბლაუგრანა“ იასპარეზებს, მომდევნო კვირას ჩვენ. ვნახოთ უპირატესობას რომელი გუნდი უკეთ გამოიყენებს. ერნესტო ვალვერდეს მაღალი დონის კოლექტივი ჰყავს და ვიცით, რომ ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს“.

„ბარსელონა“ მხოლოდ მესი არაა. ბევრ მომენტში მესის განეიტრალებაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ მასზე ვერ ვიქნებით კონცენტრირებული. ლეოს გარდა „ბარსას“ მაღალი დონის 10 ფეხბურთელი ჰყავს, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“.

„ორი წლის წინ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოდა. დღეს კი ნახევარფინალში იმყოფება. ბიჭებმა ყველაფერს თავისი შრომით მიაღწიეს და ვფიქრობ მშვენიერ სიტუაციაში ვიმყოფებით. გარანტიებს გაცემას არ ვაპირებთ. ჩვენ „ბარსელონასთან“ შეხვედრას გავმართავთ და შემდეგ კონცენტრაციას „ნიუკასლთან“ მატჩზე გადავიტანთ. დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება, ისედაც ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

„ბარსელონასა“ და „ლივერპულის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. თამაშს ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც ბიორნ კუიპერსი უხელმძღვანელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები