სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს
Aa
Aa
23 აპრილი 2019  |  17:30

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მოუსმინეს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტს, მარიამ (მაკა) გიორგობიანს მოუსმინეს.

მომხსენებელმა დეპუტატებს ფიგურული ციგურაობის, როგორც ზამთრის სპორტის სახეობის ისტორია გააცნო და მისი განვითარების ეტაპებზე ისაუბრა.

მარიამ გიორგობიანის ინფორმაციით, საქართველოში პირველი ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში 1961 წელს გაიმართა და ქართველი მოციგურავეები საერთაშორისო ასპარეზზე წამატებით ასპარეზობდნენ.

გასულ წლებში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი მოციგურავეების მონაწილეობა ადასტურებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის წარსული ტრადიციების აწმყოში შენარჩუნებასა და კიდევ მეტად წინსვლას“, - აღნიშნა ფედერაციის პრეზიდენტმა.

მარიამ გიორგობიანმა სპორტის აღნიშნული სახეობის მიმოხილვისას, არსებულ გამოწვევებზე და ფედერაციის განახლებულ სტატუსზე ისაუბრა.

2011 წელს ფიგურული ციგურაობის ასოციაციამ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სტატუსი მიიღო და საქმიანობა, ფაქტობრივად ახალი წერტილიდან დაიწყო. აღნიშნულ წელს ბათუმში გაიხსნა პირველი სტანდარტული ზომის საციგურაო მოედანი, ქუთაისში კი არასტანდარტული მოედანი. ზუგდიდის არასტანდარტული საციგურაო მოედნის ნაცვლად, დაიწყო სტანდარტული მოედნის მშენებლობა, რომელიც გაიხსნა 2019 წლის თებერვალში. 2012 წლიდან კი ინტენსიურად მიმდინარეობს იმ სიცარიელის შევსება, რაც სპორტსმენთა არარსებობით იყო გამოწვეული“, - განაცხადა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა სტრატეგიის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების აღებას, საერთაშორისო ტურნირებში უმცროსი ასაკის ნორჩი მოციგურავეების ხშირ მონაწილეობას, მათი სათანრიგო მაჩვენებლების მაღალ რეიტინგსა და სხვადასხვა ტურნირებში სასტარტო გამოცდილების მიღებას.

„2018-2019 წლების სეზონი წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო შედეგიანი აღმოჩნდა და ქართველის მოციგურავეების სარეიტინგო პოზიცია საგრძნობლად გაამყარა, მაღალ საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც გრან-პრის ეტაპებია, პირველად 6 ქართველმა მოციგურავემ იასპარეზა. 2017-2018 წლებში სულ ქართველი მოციგურავეების მიერ მოპოვებული წარმატებები ითვლის 14 მედალს, მათ შორის, 8 ოქროს , 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს“, - განაცხადა მარიამ გიორგობიანმა.

ფედერაციის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კომიტეტის წევრებმა, სამინისტროს წარმომადგენლებმა, სპორტსმენებმა და სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში, სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ფიგურული ციგურაობის მნიშვნელოვან სახეობად ჩამოყალიბდა.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება და დამატებითი თანხების გამოყოფა მომავალ წელსაც იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად განიხილება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყინულის მოედნების მშენებლობის საკითხი. 2020-2021 წლებში, თბილისში ორდარბაზიანი მოედნის მშენებლობის დასრულებას იგეგმება, ასევე ვფიქრობთ რუსთავში და საქართველოს სხვა ქალაქებში ყინულის მოედნების მოწყობას, რაც აღნიშნული სპორტის სახეობის მიმართ დიდ დაინტერესებაზე მეტყველებს“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შეაჯამა და მარიამ გიორგობიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ფიგურული ციგურაობა მასიური სპორტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობაა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს ჩვენს ქვეყანაში განვითარებასა და ხელშეწყობას, ამისათვის კი საჭიროა, პირველ რიგში, ვიცოდეთ მისი მოვლა-პატრონობა და აღვჭურვოთ საჭირო ინფრასტრუქტურით. ასევე, სპორტის ეს სახეობა ხელს უწობს ახალგაზრდების ჯანმრთელობას, რაც ნიშნავს, რომ სპორტი უნდა იყოს ყველა ადამიანის ცხოვრებაში სავალდებულო" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები