34 წლის შემდეგ პირველად! - პაოკი საბერძნეთის ჩემპიონია!
Aa
Aa

34 წლის შემდეგ პირველად! - პაოკი საბერძნეთის ჩემპიონია!

თესალონიკის პაოკი საბერძნეთის ჩემპიონატის 2018-2019 წლების სეზონის გამარჯვებული, მის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გახდა. თესალონიკელებმა სუპერ ლიგის 29-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ლევადიაკოსს“ 5:0 მოუგეს და „ოლიმპიაკოსს“ დაწევის თეორიული შანსიც აღარ დაუტოვეს.

გუშინ საღამოს თესალონიკის ქუჩებში პაოკის ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა და საყვარელი გუნდის 34 წლის შემდეგ პირველად გაჩემპიონება იზეიმა.

„მე მჯერა, რომ ეს გამარჯვება არა მხოლოდ პაოკის გულშემატკივრებისთვის ნიშნავს ბევრს, არამედ ყველასთვის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. ჩვენ ამ დღეს ბევრი წლის განმავლობაში ველოდებოდით“. - აცხადებს პაოკი-ს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

პაოკი საბერძნეთის საუკეთესო გუნდი ისტორიაში მესამედ გახდა, მათ ქვეყნის ჩემპიონატი ბოლოს1984-1985 წლებში მოიგეს, სადებიუტო წარმატებას კი 1975-1976 წლებში მიაღწიეს.

პაოკის პრეზიდენტი ივან სავიდისია, რომელიც საქართველოში, კონკრეტულად წალკის რაიონშია დაბადებული. სავიდისს გასულ წელს მოედანზე იარაღით შესვლისა და მსაჯებზე განხორციელებული მუქარისათვის, ფეხბურთში საქმიანობა 3-წლით აქვს აკრძალული. იგი პაოკის ფეხბურთელებს გუშინდელ მატჩამდე სტადიონის გარეთ შეხვდა, თითოეულ მათგან ხელი ჩამოართვა და წარმატება უსურვა, შეხვედრას კი თვალი ტელევიზორის მეშვეობით ადევნა.

სუპერ ლიგის 29 ტურის შემდეგ, პაოკს 25 მოგება და 4 ფრე აქვს და ჩემპიონატის დაუმარცხებლად დასასრულებლად 5 მაისს, ბოლო ტურში, ერთ-ერთ აუტსაიდერ „გიანინასთან“ სტუმრად არწაგება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები