ლორენტეს გოლი არ უნდა ჩაეთვალათ? რაკურსი, რომელიც რატომღაც მსაჯს არ ანახეს!
Aa
Aa

ლორენტეს გოლი არ უნდა ჩაეთვალათ? რაკურსი, რომელიც რატომღაც მსაჯს არ ანახეს!

„მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ მეოთხედფინალურმა მატჩმა საფეხბურთო სამყარო სპორტის ამ დიდებულ სახეობაზე კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

შეხვედრა უდაოდ დაუვიწყარი, ისტორიული და საოცრად სანახაობრივი გამოდგა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 21 წუთში 5 გოლი აქამდე არასდროს გასულა.

მატჩის უდაოდ გადამწყვეტი მომენტი ფერნანდო ლორენტეს საკამათო გოლი გახლდათ. მართალია ბოლო წუთებზე „სიტიმ“ სტერლიინგის გოლით სასურველი შედეგი დააფიქსირა, თუმცა ვიდეო რეფერიმ ბურთი გააუქმა და სწორადაც მოიქცა, რადგან თამაშგარე იყო.

ამ მომენტმა გუარდიოლას გუნდი და თავად პეპიც ემოციურად მოკლა, თუმცა როგორც უკვე დღეს გაირკვა ხსენებული ეპიზოდი მთავარი ნამდვილად არ ყოფილა.

73-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ფერნანდო ლორენტემ ანგარიში 3:4 გახადა. გოლი ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა და გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რის შემდეგაც შეხვედრის მთავარი არბიტრი ჯიუნეთ ჩაქირი მონიტორთან თავად მივიდა და გადაწყვეტილებაც მანვე მიიღო.

ვინც შეხვედრას უყურა „ლაივშივე“ დაინახავდა, რომ ჩაქირის მონიტორზე ხსენებული ეპიზოდის მხოლოდ ერთი რაკურსი გაუმეორეს. ხედი წინა მხრიდან, საიდანაც ჩანდა, რომ ლორენტეს ბურთი ხელზე არ ხვდებოდა და მან სხეულზე მოხვედრის შემდეგ გაიტანა.

დღეს ბრიტანულ პრესაში დიდი ხმაური იყო. როგორც ჩანს, მოიპოვებოდა რაკურსი, რომლიდანაც ყველაფერი გაცილებით უკეთ ჩანდა და ხსენებული კადრი მსაჯს რატომღაც არ ანახეს.


 

უკანა ხედიდან ნათლად ჩანს, რომ ლორენტეს ბურთი ხელზე ხვდება, რის შემდეგაც ასხლეტით ფეხზე ეცემა და ასე გადის გოლიც.

კარგად დააკვირდით კადრს. რა მოხდებოდა, რომ არა ლორენტეს მოკეცილი ხელი? ექნებოდა ბურთს ტანზე მოხვედრის შემდეგ ზუსტად მსგავსი ასხლეტა? სავარაუდოდ არა...

ვიდეოში ნათლად ჩანს - მიუხედავად იმისა, რომ ლორენტეს ხელი გაშლილი არ ჰქონდა და მას ის ტანთან საკმაოდ ახლოსაც ჰქონდა, ბურთმა ტრაექტორია მაინც შეიცვალა.

წესებში გარკვევით წერია, რომ როდესაც ფეხბურთელს ბურთი ხელზე ხვდება, რომელიც სხეულზე აქვს მიდებული და გოლი ამის შედეგად გადის, ეს ბურთი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს.

ხელით გატანილი გოლი ყოველთვის უქმდება! აქვს თუ არა მოთამაშეს ხელი ტანზე მიდებული? ასეთ შემთხვევაში, ამ ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ბრიტანული Daily Mail-ი წერს, რომ ჩაქირის ეს კადრი არ ანახეს და ცალსახა იყო, რომ ესპანელ ფორვარდს ჯერ ბურთი ხელში ხვდება და ტრაექტორიაზე აშკარა გავლენას ახდენს.

დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები