Aa
Aa

აიაქსი VS იუვენტუსი - მატჩის შემდეგ

ამსტერდამში, „იოჰან კრუიფ არენაზე“, „აიაქსმა“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და ფრე 1:1 ითამაშა. იტალიელები პირველი ტაიმის ბოლოს კრიშტიანუ რონალდუმ დააწინაურა, რასაც მეორე ნახევრის პირველსავე წუთზე დავიდ ნერეშის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა.

შედეგად, „ბებერმა ქალბატონმა“ „აიაქსის“ წინააღმდეგ დამყარებული სასურველი ტენდენცია გააგრძელა და მასთან ზედიზედ მე-11 წაუგებელი მატჩი ჩაატარა, რითაც წყვილში ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.

მასიმილიანო ალეგრის თქმით, მისმა გუნდმა თავი კარგად დაიცვა, დანიელე რუგანი შეაქო და აღნიშნა, რომ იგი დიდებული მცველია, რომლის იმედიც ყოველთვის შეიძლება გქონდეს.

„რონალდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სულ სხვა დონეზეა. მისი მოძრაობები და მომენტის ზუსტად შერჩევის ინსტინქტი სხვებისგან განსხვავდება. „აიაქსის“ თამაშში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დე იონგია. ჩვენ მისი გაკონტროლები თამაშის დაწყებისთანავე ვცადეთ და ის ბენტანკურმა აიყვანა, თუმცა როცა დე იონგი ამას მიხვდა, ის უფრო სიღრმეში შეიწია, მან ძალიან კარგად ითამაშა. „აიაქსი“ ბურთს კარგად ფლობს, მაშინაც კი როცა სივრცეები არ რჩება. ვფიქრობ ჩვენი დაცვის ხაზი მოწოდების სიმაღლეზე იყო, რუგანიმ არაჩვეულებრივად ითამაშა.“

ამსტერდამელთა თავკაცი, ერიკ ტენ ჰაგი შედეგს მაინცდამაინც სასურველად არ მიიჩნევს, თუმცა „რეალთან“ დაპირისპირება იხსენებს და ამბობს, რომ მისი გუნდი ჯერ კიდევ თამაშშია.

„თავიდან ნახევარდაცვაში კარგად ვერ ვთამაშობდით და რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა შემდეგ თამაშის მიმდინარეობა სინათლის სისწრაფით შევცვალეთ. ჩემს ფეხბურთელებს სწორედ ასეთი თამაშისკენ მოვუწოდე. 1-1 ის შედეგი არაა, რომელიც ჩვენთვის სასურველი იქნებოდა, თუმცა მაინც კარგი შედეგია. რეალთან საკუთარ მოედანზე 2-1 დავმარცხდით, თუმცა შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ. იუვენტუსთან კი ბევრი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ.“

„იუვენტუსი“ და „აიაქსი“ საპასუხო შეხვედრას 16 აპრილს, ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები