Aa
Aa

ბუენოს აირესი "რასინგის" ფერებში! - არგენტინაში ჩემპიონი გუნდის ფანები ზეიმობენ

არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატის 2018-2019 წლების სეზონის გამარჯვებული „რასინგი“ გახდა, რომელმაც აღნიშნული ტიტული ისტორიაში მეთვრამეტედ მოიგო.

ბუენოს აირესის ერთ-ერთი პროვინციის, აველანედას წარმომადგენელმა კლუბმა ტურნირის ბოლოსწინა ტურში სტუმრად „ტიგრესთან“ 1:1 ითამაშა და რადგან მისმა კონკურენტმა „დეფენსამაც“ ვერ მოიგო, ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა.

ბუენოს აირესის ქუჩებში „რასინგის“ გულშემატკივრებმა საჩემპიონო ზეიმი მოაწყეს, რამდენიმე მათგანმა კი მედიასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა.

„ჩვენ ჩემპიონები რამდენიმე წელი ვერ ვხდებოდით, თუმცა ახლა ჩემპიონები ვართ! ეს ლოგო ჩემი გულია! ეს ტრიუმფი მხოლოდ იმისთვის არაა, რომ დალიო და ასე აღნიშნო, ეს გადავსებული ქუჩები ყველაფერზე მეტყველებს! ეს „რასინგია“! - გახარებულია კევინ ფრესა. 

„ბედნიერებაა! „რასინგის“ გულშემატკივარი ბაბუის დამსახურებით გავხდი. ის ახლა სამოთხეშია. ჩემი დაბადებიდან მის გარდაცვალებამდე, ყოველ კვირას გუნდის თამაშებზე დავყავდი“. - ეს უკვე დიეგო ლოპესის სიტყვებია.

განსაკუთრებით გამოირჩა „რასინგის“ კიდევ ერთი ფანი, გაბრიელ არანდა, რომელმაც ბაბუის საფლავი გაათხრევინა, იქიდან თავის ქალა ამოიღო და ჩემპიონობა მასთან ერთად იზეიმა. „ეს კარგი მაგალითია. ჩემი ბაბუა „რასინგის“ უდიდესი გულშემატკივარი იყო. ის ჩემით იამაყებდა და ბედნიერი იქნებოდა“. - ამბობდა არანდა.

„რასინგი“ არგენტინაში დიდი კლუბების ხუთეულში შედის, მასზე მეტჯერ ჩემპიონობა „ბოკასა“ და „რივერს“ აქვთ მოპოვებული, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში გუნდს ფინანსურად არასტაბილური გარემო ჰქონდა, რის გამოც 1966 წლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონი მხოლოდ მესამედ გახდა.

აველანედელები ბოლო ტურის მატჩს, საკუთარ მოედანზე, სწორედ „დეფენსას“ წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 7 აპრილსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები