Aa
Aa

მატჩის წინ - იუვენტუსი VS ატლეტიკო

მადრიდში გამართული მატჩის შემდეგ „იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“ უკვე ტურინში შეხვდებიან და იტალიელები 0:2-ის აღმოფხვრას ეცდებიან. „ბებერი ქალბატონი“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 გათამაშებას ესპანურმა კლუბმა, კონკრეტულად მადრიდის „რეალმა“ გამოთიშა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა იტალიის ჩემპიონატის შეხვედრა პარასკევს ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ მარტივად - 4:1 აჯობა. მასპინძლებს დღევანდელ თამაშში ხედირა, ალექს სანდრო, ბარძალი, დე შილიო და დუგლას კოშტა დააკლდებათ.

„იუვეს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, მის გუნდს ორრაუნდიანი დაპირისპირების შეტრიალება შეუძლია და გუნდის ყველა წევრს ამის სჯერა.

„განსაკუთრებული ფიქრები არ მაქვს. გვჯერა რომ ამ შეხვედრაში ჩვენ სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია. ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ, რადგან თამაში შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აირიოს. უნდა გვესმოდეს მოედანზე რისი გაკეთება მოგვიწევს. რონალდუსთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩია. მან დისკვალიფიკაციის გამო ვალენსიასთან და იანგ ბოიზთან მატჩები გამოტოვა. საერთო ჯამში კი ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ 5 შეხვედრა გამართა. ასე რომ მას თამაში წყურია. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ატლეტიკო ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბდა, ასე რომ ვფიქრობ ეს მატჩი ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ულამაზესი დაპირისპირება იქნება, ულამაზესი მეორე რაუნდი, რომელიც მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.“

კარგ ხასიათზეა დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“, რომელმაც ბოლო 5 ოფიციალური მატჩი ისე მოიგო, რომ საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია. „როხიბლანკომ“ უქმეებზე „ლეგანესს“ საულ ნიგესის გოლით 1:0 მოუგო. ესპანელთა მხრიდან დისკვალიფიცირებულები - დიეგო კოშტა და ტომას პარტეი და ტრავმირებულები - ლუკა ერნანდესი და ფილიპე ლუიში ვერ ითამაშებენ. საეჭვოა დიეგო გოდინის მოედანზე გასვლაც, თუმცა სიმეონე ამბობს, რომ დიდი შანსია, ურუგვაელმა „იუვეს“ წინააღმდეგ გუნდის დახმარება შეძლოს.

„ამ შეხვედრაში ფავორიტის დასახელება ძალიან რთულია. ეს დაპირისპირება  პირველი მატჩისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. ასე რომ თამაშის დასრულებას უნდა დაველოდოთ. როდესაც იუვენტუსზე ვსაუბრობთ, მარტო რონალდუს ვერ გამოვყოფთ. ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ჩემპიონებითაა დაკომპლექტებული, მამაკაცებით რომლებიც ბრძოლისთვის მზად არიან.“

„იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი დღეს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება. შეხვედრის მთავარი არბიტრი ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები