“გამორიცხული არაფერია” - მენი პაკიაო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს?
ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივე, მენი პაკიაო, კარიერის დასრულების ვარიანტს განიხილავს. „პაკმენის“ მწვრთნელის, ფრედი როუჩის თქმით თუ ფლოიდ მეივეზერთან შეთანხმება არ შედგა, მენი დიდი ალბათობით ხელთათმანებს კედელზე ჩამოკიდებს.
შეგახსენებთ, რომ პაკიაომ რამდენიმე კვირის წინ ედრიენ ბრონერი დაამარცხა და WBA-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ფილიპინელის მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით არ გაურკვეულა, თუმცა ფრედი როუჩის მიხედვით „პაკმენს“ „მანისთან“ შერკინება სურს.
Fight Hub TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში როუჩმა განაცხადა: „მენის მეივეზერის წინააღმდეგ რინგზე გამოსვლა უნდა. სამწუხარო ისაა, რომ თუ ფლოიდთან შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, პაკიაო ალბათ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებას მიიღებს“.
„გამორიცხული არაფერია. ამ თემის შესახებ მე და მენი ხშირად ვსაუბრობთ და ზუსტად ვიცი რას ფიქრობს. პაკიაოს მეივეზერთან ორთაბრძოლა სურს და ვნახოთ რა მოხდება“.
აღსანიშნავია, რომ ფლოიდისა და მენის პირველმა შერკინებამ კრივის ისტორიაში ყველაზე დიდი შემოსავალი მოიტანა. გავრცელებული ინფორმაციით საუბარი 470 მილიონ ფუნტზეა.
მეივეზერმა საყვარელ საქმიანობას თავი 2015 წელს დაანება, თუმცა 2017-ში კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ იასპარეზა, რამდენიმე თვის წინ კი ტენშინ ნასუკავას დაუპირისპირდა, ასე რომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია.
ასევე იხილეთ - კორონერმა სალას გარდაცვალების ოფიციალური დასკვნა გამოაქვეყნა