Aa
Aa

ბასილაშვილმა როტერდამში ჩუნთან რთული მატჩი შემოატრიალა!

ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში მიმდინარე ვაჟთა 500-იან საჩოგბურთო ტურნირი, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებულად გახსნა და სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩუნს 3 სეტში მოუგო.

მატჩის პირველი სეტი ნიკას უპირატესობით დაიწყო და იგი 3:1 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ ჩავარდნა დაეწყო და პარტია 4:6 წააგო, რასაც მეორე სეტის სტარტზე ბრეიკით 1:2-ზე ჩამორჩენა მოჰყვა. ამის შემდეგ ქართველმა სიტუაცია გამოასწორა და საბოლოოდ სეტი ტაიბრეიკზე დახურა.

მე-3 პარტიაში ბასილაშვილის დომინაცია სრულიად აშკარა გახლდათ, მან მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და თამაში თავის სასარგებლოდ - 4:6; 7:6; 6:2 დაასრულა. ნიკამ 15 ეისი მოაწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 54-დან 40, ხოლო მეორეზე 65-დან 31 ქულა მოიგო. მან 6 ბრეიკი შეასრულა, ჩუნმა კი იგივეს გაკეთება 5-ჯერ შეძლო.

ჩვენი თანამემამულის მომდევნო მოწინააღმდეგე მარტინ კლიჟანისა და მარტონ ფუქსოვიჩის შეხვედრაში გაირკვევა.

გუშინ გამოქვეყნებულ ATP-ს ახალ რეიტინგში ბასილაშვილი მე-20 პოზიციაზეა. მან წინა კვირასთან შედარებით 2 საფეხური მოიგო, როტერდამში წარმატებული თამაშის შემთხვევაში კი კიდევ უფრო წინ წასვლის საშუალება ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები