Aa
Aa

დიდებული ლელოები! "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი სტუმრად დაამარცხეს!

საქართელოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ პირველი ტურის შეხვედრაში სტუმრად რუმინეთი 19:8 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნები" პირველ ნახევარში 3:6 დათმეს. რუმინელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომლებიც ზუსტად შეასრულეს.

მილტონ ჰეიგის გუნდი აქტიურად უტევდა, თუმცა ლელომდე ცოტა დააკლდა. სამაგიეროდ შევასრულეთ ორი ჯარიმა, რომელთაგან თედო აბჟანდაძემ ერთი ააცილა, მეორე კი ზუსტი იყო.

მეორე ნახევარში "ბორჯღალოსნებმა" ტემპს მოუმატეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. რუმინეთმა ჩვენს დაწოლას ვერ გაუძლო.

გიორგი აფციაურის დიდებულ გარღვევას გურამ გოგიჩაშვილის პირველი სანაკრებო ლელო მოჰყვა, რომელიც არბიტრმა რუმინელთა წესების დარღვევის გამო გააუქმა და საჯარიმო ლელო ჩაგვითვალა. საბოლოოდ ანგარიში მაინც 10:6 გახდა.

საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაგრძელდა, რაც მორიგი ლელოთი დაგვირგვინდა. ლამაზი და გააზრებული შეტევა ბექა გორგაძის საოცარი გარღვევითა და ლელოთი დაგვირგვინდა - 15:6.

რუმინელებმა მალევე ჯარიმის გატანა შეძლეს და ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს. შეხვედრა კვლავ დაიძაბა.

მატჩის მიწურულს "ბორჯღალოსნებმა" ჯარიმის უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც თედო აბჟანდაძემ ზუსტად და აუღელვებლად შეასრულა, რის შემდეგაც მასპინძლებს გარადასახული ლელოც აღარ ჰყოფნიდათ და ბოლო წუთბი უბრალო ფორმალობად იქცა.

ამრიგად მილტონ ჰეიგის გუნდმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და ანთიმოზ ივერიელის თასიც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს ავჭალაში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო - Georgian Rugby

ცხელი ამბები