Aa
Aa

"ელ კლასიკო": წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე „კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ „რეალს“ უმასპინძლებს.

სამეფო თასის ეგიდით გასამართი კლასიკოს წინ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენციები გამართეს და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ვალვერდე: „არ ვთვლი, რომ დღევანდელ შეხვედრაში რომელიმე გუნდი ფავორიტია.

რაც შეეხება მესის, ის თავად იტყვის როგორ გრძნობს თავს. თუ ლეო ფიქრობს, რომ მზადაა ის ითამაშებს.

როგორც წესი „რეალი“ „კამპ ნოუზე“ კარგად თამაშობს. მადრიდელებმა მიმდინარე სეზონში ბევრი სირთულე გადაიტანეს, თუმცა ახლა კარგ ფორმაში იმყოფებიან და ვნახოთ რა მოხდება უშუალოდ მოედანზე.

სილესენს დღეს უნდა ეთამაშა, თუმცა დასანანი ტრავმა მიიღო და ის ემოციურად რთულ მდგომარეობაში იყო. ამჟამად მშვიდად არის, მაგრამ სამწუხაროა, რომ მისი დონის მოთამაშე ვერ დაგვეხმარება.

დემბელესთან დაკავშირებით გარისკვა არ გვსურდა. ზოგადად ქომაგებს სურთ, რომ მოედანზე ყველა მოთამაშე იხილონ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი მატჩია და ამის გამო მთელს სეზონს ვერ გავრისკავთ“.

სოლარი: „კლასიკო საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე დაპირისპირება გახლავთ.

„ბარსელონასთან“ დაპირისპირებას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ახლა სხვა არაფერზე ვფიქრობთ. არ მგონია, რომ ამ მატჩმა ლა ლიგაზე გავლენა მოახდინოს.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირს ერთნაირად ვუდგებით და ყველა მათგანის მოგება გვინდა.

მესი არის ისეთივე ბუნებრივი, როგორიც შტორმი, ელვა ან ქარიშხალი, როგორც ატმოსფერული ფენომენი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? კრიშტიანუ რონალდუ, იმიტომ, რომ მესი სპორტის სხვა სახეობას თამაშობს.

ვერ გეტყვით იქნება თუ არა ვინისიუსი ძირითადში. გარანტირებული ადგილი წინასწარვე არავის აქვს.

ვინისიუსმა თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაგვანახა და ის „ბარსელონასთვის“ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა“.

შეგახსენებთ, რომ კლასიკოს განმეორებითი მატჩი 27 თებერვალს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება და დღევანდელის მსგავსად თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები