მიქელთაძის გოლი და ქართველთა დრამატული დაპირისპირება
Aa
Aa

მიქელთაძის გოლი და ქართველთა დრამატული დაპირისპირება

კვიპროსის საფეხბურთო თასის 2018-19 წლების სეზონის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ''ანორთოსისი'' საკუთარ მოედანზე ''პარალიმნისთან'' 2:3 დამარცხდა.

''ანორთოსისის'' მაისურით ბექა მიქელთაძემ იასპარეზა. 21 წლის თავდამსხმელმა 27-ე წუთზე სტუმართა კარში გოლი გაიტანა და ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ 2:1 გახდა.

მიქელთაძე ''ანორთოსისს'' მიმდინარე სეზონში შეუერთდა და კვიპროსული გუნდის მაისურით მესამე გოლი გაიტანა.

მიქელთაძის მსგავსად ''ანორთოსისის'' სასტარტო შემადგენლობაში ნიკა კაჭარავა მოხვდა. მიქელთაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო კაჭარავა 72-ე წუთზე შეცვალეს.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა ''ქამბექი'' შემოგვთავაზეს და ''ანორთოსისის'' კარში 2 გოლი გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი დრამატულად დასრულდა, გადამწყვეტი გოლი მესამე დამატებულ წუთზე გავიდა. ''პარალიმნის'' სასტარტო შემადგენლობაში 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ირაკლი მაისურაძემ 67-ნომრიანი მაისურით იასპარეზა. მან შეუცვლელად ითამაშა და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მესამე გოლის ეპიზოდში ირაკლი მაისურაძემ შესანიშნავად ითამაშა. მან ვარდნაში სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც გოლით დასრულდა.

ყოფილ გუნდთან გამარჯვების შემდეგ მაისურაძემ, რომელსაც თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია, Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა: ''ვამაყობ თანაგუნდელებით, გასაოცრად ითამაშეს.''

შეგახსენებთ, ირაკლი მაისურაძე 2014-16 წლებში ''ანორთოსისის'' ფეხბურთელი იყო.

საპასუხო მერვედფინალური შეხვედრა 23 იანვარს ''პარალიმნის'' სტადიონზე გაიმართება.

ფოტო: anorthosisfc.com.cy

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები