Aa
Aa

"მამა, შენ ისევ ცოცხალი ხარ" - 636 დღე უბურთოდ და კაზორლას დიდი დაბრუნება

ფეხბურთი დიდებული თამაშია და მას მდიდარი ისტორია აქვს.

ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელი, თუ მწვრთნელი მოზარდს ეტყვის, რომ შრომისა და მონდომების გარეშე არაფერი გამოუვათ. ეს რა თქმა უნდა ასეც გახლავთ, თუმცა სპორტის ეს სახეობა სირთულეებით სავსეა და ერთ დღესაც შესაძლოა მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს... ასეთი რამ ხშირ შემთხვევაში ტრავმის გამო ხდება.

ერთი წამი, ერთი სათამაშო მომენტი, ერთი გადაწყვეტილება და სავალალო შედეგი - შენი კარიერა სრულდება.

დაცემა დამარცხებას არ ნიშნავს. ჩვენ იმიტომ ვეცემით, რომ შემდეგ წამოვდგეთ და გზა გავაგრძელოთ. ამის ნათელი დასტური კაზორლას ისტორია გახლავთ.

ესპანეთში კერძოდ კი ასტურიის რეგიონში, პატარა ქალაქ ლიანერაში 1984 წლის 13 იანვარს სანტიაგო კაზორლა გონსალესი დაიბადა.

პატარა სანტის ყმაწვილობიდანვე ფეხბურთელობა სურდა და მისი კუმირი ლეგენდარული დანიელი მიქაელ ლაუდრუპი იყო.

კაზორლას საფეხბურთო ცხოვრება ასტურიის ქალაქ ოვიედოში დაიწყო, სადაც ის ბავშვობაში ადგილობრივ "კოვადონგასა" და "რეალ ოვიედოს" ღირსებას იცავდა.

2003 წელს 19 წლის სანტი ვალენსიაში ჩავიდა და "ვილიარეალის" ახლაგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა.

ის ნელ-ნელა პირველ გუნდსაც გაუშინაურდა, რის შემდეგაც იყო ერთ წლიანი განშორება და "უელვა", სადაც კაზორლამ ფეხი ვერ მოიკიდა და ისევ "ვილიარეალში" დაბრუნდა.

ყვითელ "წყალქვეშა ნავში" ესპანელმა ფეხბურთელმა თავისი სიტყვა მალევე თქვა და ძირითადის უცვლელი წევრი გახდა.

2011 წელს კაზორლამ "ვილიარეალი" ისევ დატოვა და კარიერა სევილიურ "მალაგაში" განაგრძო, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო და 2012 წელს ლონდონის "არსენალს" შეუერთდა.

სანტი ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრიც გახლდათ და "ფურია როხას" ოქროს თაობის ღირსეული წარმომადგენელიც იყო. ესპანელის უიღბლობა სწორედ "მეთოფეთა" რიგებში გადასვლის შემდეგ დაიწყო... ბევრი მისგან კარიერის საუკეთესო თამაშს ელოდა, თუმცა ტრავმებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

„არსენალის“ შუახაზელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. 2016 წლის ოქტომბერში, „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში ესპანელმა აქილევსის მყესის მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე რთული ოპერაცია გაიკეთა.

კაზორლასთვის კოშმარი მას შემდეგ დაიწყო რაც კოჭზე პირველი ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ფეხბურთელს სხვადასხვა დროს რვა (!) სხვადასხვა ოპერაციის გადატანა მოუხდა.

აი რას ამბობდა კაზორლა 2016 წელს: „ექიმმა მითხრა, რომ მადლობელი უნდა ვყოფილიყავი, თუ ბავშვთან ერთად ბაღში გავისეირნებდი. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ჭრილობა ადვილად არ ხორცდებოდა, რის გამოც მასში ინფექცია იჭრებოდა.

მითხრეს, რომ აქილევსის მყესთან ძვალი იყო დაზიანებული და ამასთან ერთად ჭრილობაში ინფექცია იყო შეჭრილი.“

ესპანელმა ტრავმის გამო მოედანს მიღმა 636 დღე გაატარა. ის იმითაც მადლიერი უნდა ყოფილიყო, რომ სიარულს შეძლებდა.

სანტის ხელიდან ფეხზე კანის გადატანა მოუხდა, რათა ფეხი შეენარჩუნებინა...

უმძიმესი დროის გადატანის შემდეგ კაზორლა 2018 წელს მშობლიურ "ვილიარეალს" დაუბრუნდა.

 

როდესაც ექიმი და არამარტო ის ეუბნებოდა, რომ მისთვის საფეხბურთო კარიერა დასრულებული იყო კაზორლამ უკან არ დაიხია და ბრძოლა განაგრძო!

შედეგი სახეზეა - ოპტიმიზმმა, ბრძოლამ და მონდომებამ სანტი დღევანდელ დღემდე მოიყვანა. 34 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე პასია.

ბრწყინვალე იყო სანტის ბოლო მატჩი, რომელიც მან მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც დუბლი შეასრულა და გუნდს ქულა გადაურჩინა.

 

"ყოველ დილით, როდესაც ვიღვიძებ საკუთარ თავს უნდა შემოვუძახო ხოლმე - შაბათს თამაში მაქვს! ამ ყველაფერს ყოველდღიურად ვაფასებ. მე ამისთვის ვიბრძოდი.

ეს პირველ რიგში ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე. ჩემი შვილები ფეხბურთზე გიჟდებიან, ძალიან უყვართ. როდესაც მედშტაბმა მინდორზე გასვლისა და ვარჯიშის უფლება მომცა ეს დიდებული გრძნობა იყო. ემოციური და მტკივნეული გახლდათ, მაგრამ მე ბურთს ისევ შევეხე!

ოჯახმა ლონდონში მეორე დღესვე დამირეკა. შვილებმა მითხრეს - "მამა, შენ ისევ ცოცხალი ხარ". ისინი ჩემს მდგომარეობაზე ძალიან ღელავდნენ", - კაზორლა სარეაბილიტაციო კურსისა და მოედანზე დაბრუნების შემდეგ.

სანტიმ კვლავ იგრძნო ის, რასაც ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება ჰქვია. მასში კვლავ ცოცხლობს ის პატარა ასტურიელი ბიჭუნა, რომელსაც ფეხბურთის თამაში მთელი გულით სურდა!

13 იანვარს სანტი კაზორლა 35 წლის გახდება და იმედი ვიქონიოთ, რომ ის პროფესიონალურ დონეზე კიდევ რამდენიმე სეზონი იასპარეზებს.

ფეხბურთს ასეთი მებრძოლები სჭირდება. სამაგალითო სპორტსმენები, რომლებიც ბავშვებს მოტივაციას უმაღლებენ და თავდაჯერებულობას მატებენ.

Vamos Santi!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები