ნურმაგომედოვი VS მეივეზერი გროზნოში?
Aa
Aa

ნურმაგომედოვი VS მეივეზერი გროზნოში?

ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელმა და მამამ, აბდულმანაპმა შვილის სამომავლო გეგმების შესახებ რუსულ პრესასთან ისაუბრა. ინტერვიუს ძირითადი ნაწილი ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლას დაეთმო და აბდულმანაპმა საკმაოდ საინტერესო განცხადებებიც გააკეთა.

„ხაბიბის და მეივეზერის დაპირისპირების გამართვა შეუძლებელი ნამდვილად არაა. ფლოიდი ჩვენს გუნდს თავად დაუკავშირდა. ორთაბრძოლის ჩატარებით ორივე მხარე და სერიოზული ინვესტორები არიან დაინტერესებული. ბრძოლა შეიძლება 4 მაისს, გროზნოში, „ახმატ-არენაზე“ გაიმართოს. ხაბიბი მაღალი დონის მოკრივეებთან ერთად ვარჯიშობს და შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება“.

„თუ UFC-ში ცხრათვიან დისკვალიფიკაციას მოგვცემენ, შესაძლოა ამით ვისარგებლოთ და აღნიშნული პერიოდი კრივის წესებით გასამართი ორთაბრძოლისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. ჩვენ მაკგრეგორისა და მეივეზერის ბრძოლას თვალი ვადევნეთ და ვფიქრობთ ირლანდიელი მებრძოლი 3-4 რაუნდის განმავლობაში მშვენივრად გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვარ ხაბიბს მეტი შეუძლია და მინიმუმ 7 რაუნდი გაძლებს“.

„მეივეზერის მთავარი პლუსი დარტყმების დისტანციიდან განხორციელების შესანიშნავი უნარია. იგი ძალიან სწრაფი და საკუთარ თავში დარწმუნებული მებრძოლია, მაგრამ ბევრით არც ხაბიბი ჩამორჩება. არ მესმის მისი დარტყმების სიძლიერის შესახებ კითხვები რატომ ჩნდება. ბარბოსასთან, ჯონსონთან და მაკგრეგორთან დაპირისპირებაში მან ყველას აჩვენა, რომ ამ კომპონენტშიც არ მოიკოჭლებს".

ცხელი ამბები