დი ფრანჩესკოს ბედი
Aa
Aa

დი ფრანჩესკოს ბედი "რეალთან" და "ინტერთან" მატჩებისას გადაწყდება?!..

იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ გუნდში მწვრთნელის შეცვლის საკითხს განიხილავენ. საქმე ისაა, რომ "რომას" 2011-2012 წლების შემდეგ, სერია A-ში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს - ჩემპიონატის საწყის 13 ტურში 19 ქულა აიღო.

დი ფრანჩესკოს შესაძლო გაშვებაზე ჯერ კიდევ სექტემბერში იწერებოდა, თუმცა მაშინ "ჯალოროსიმ" შედეგები მკვეთრად გამოასწორა და საკითხიც დღის წესრიგიდან მოიხსნა. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ 49 წლის ტაქტიკოსს ნდობის არცთუ დიდი მანდატი შერჩა და ბოლო თვეებში მუდმივი დაძაბულობის ფონზე მუშაობა უწევს.

არადა, რამდენიმე თვის წინ "რომას" ფანები დი ფრანჩესკოთი ამაყობდნენ და "ლაციოს" დასცინოდნენ, რომ მათი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში იყო, "ლაციალე" კი ამ სტადიას ვერასდროს ეღირსებოდა. "მგლების" ეს წარმატება დიდწილად, რა თქმა უნდა, სწორედ ეუსებიოს დამსახურება გახლდათ.

ახალგაზრდა მწვრთნელს უქმეებზე მდგომარეობა განსაკუთრებით გაურთულდა, როცა მისმა გუნდმა სტუმრად "უდინეზესთან" 0:1 წააგო და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილამდე დაეშვა. 

როგორც იტალიური პრესა წერს, დი ფრანჩესკოს ბედს უახლოეს ორი შეხვედრა გადაწყვეტს - ჩემპიონთა ლიგაზე - "რეალთან" და სერია A-ში - "ინტერთან".

ბუნებრივია, "გლადიატორთა" დამრიგებელს "რეალთან" მატჩისწინა პრესკონფერენციისას მის თანამდებობაზეც ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა: "თუ გუნდის შესახებ საუბარს მთხოვთ, ეს არაა პრობლემა, თუმცა ჩემს თავზე ლაპარაკს საჭიროდ არ ვთვლი, რადგან კლუბისგან ნდობას ყოველთვის ვგრძნობ".

რომაელთა ხელმძღვანელები ამ ეტაპზე ორ კანდიდატს განიხილავენ: პაულო სოუზასა და ანტონიო კონტეს. სექტემბერში ამ სიაში ვინჩენცო მონტელაც იყო, ასე რომ, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, მოლაპარაკებები მასთანაც დაიწყოს.

ეუსებიო დი ფრანჩესკო "რომას" ყოფილი ფეხბურთელია, იგი "ჯალოროსის" ფორმით 1997-2001 წლებში თამაშობდა და მასთან ერთად "სკუდეტო" მოიგო. დი ფრანჩესკო 2012-2017 წლებში "სასუოლოს" წვრთნიდა და ეს გუნდი იტალიის უმაღლეს ლიგაში პირველად სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაწინაურდა.

დავამატოთ ისიც, რომ "რომასა" და "რეალის" მატჩი დღეს, იტალიის დედაქალაქში გაიმართება. მასპინძლებს, შესაძლოა, ედინ ჯეკო, კოსტას მანოლასი და ლორენცო პელეგრინი ვერ დაეხმარონ, დანიელე დე როსის მოედანზე გასვლა კი აქედანვე გამორიცხულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები