იტალია VS საქართველო -
Aa
Aa

იტალია VS საქართველო - "ბორჯღალოსნების" ლოგიკური მარცხი ფლორენციაში

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში საქართველოს ნაკრებმა თავისი შანსი მიიღო და მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი გამართა.

"ბორჯღალოსნებმა" მაპსინძელ იტალიას ბევრი პრობლემა შეუქმნეს, თუმცა ლოგიკური მარცხი იწვნიეს - 17:28.

დიახ, უნდა ვაღიაროთ, რომ მასპინძლებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენს ნაკრებში იყო დანაკლისი. რაც მთავარია - გუნდში ბევრი ცვლილებაა და შეთამაშება გვაკლია. ეს უშუალოდ თამაშის დროს დაშვებულ ელემენტარულ შეცდომებშიც გამოჩნდა.

შეხვედრაში ანგარიში საჯარიმოდან მე-10 წუთზე ალანმა გახსნა. ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" თამაში გაამწვავეს და შეუტიეს, საჯარიმოს შესრულებაზე უარი თქვეს, რასაც მჭედლიძის ლელო მოჰყვა, რომელიც მათიაშვილმა ზუსტად გარდასახა.

 

იტალიელებმა სიხარული არ გვაცადეს და პირველივე შეტევაში საპასუხო ლელო დაგვიდეს.

მათიაშვილის გაცუდებულ საჯარიმოს 27-ე წუთზე ცუცქირიძის გაძევება მოჰყვა. ამის შემდეგ თამაში მასპინძელთა კარნახით წარიმართა.

31-ე წუთზე არბიტრმა იტალიელებს ლელო არ ჩაუთვალა. შემდეგ მათ 19-ფაზიანი შეტევა ვერ გმოიყენეს და საჯარიმოთი ანგარიში გაზარდეს და მალე დაგვალელოვეს კიდეც.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა ლელოთი და გაცუდებული გარდასახვით დაიწყეს, რასაც საპასუხოდ მათიაშვილის რეალიზებული საჯარიმო მოჰყვა.

ამის შემდეგ ალანმა ლელო დაგვიდო, გარდასახვა ვერ გამოიყენა და ანგარიში საკმაოდ სოლიდური 28:10 გახდა.

ერთი შეხედვით უკვე წაგებულ თამაშში "ბორჯღალოსნებს" შანსი მიეცათ.

მილტონ ჰეიგის გუნდის ლამაზი შეტევა 63-ე წუთზე არბიტრის მიერ მოედნიდან იტალიელი მორაგბის გაძევებით დასრულდა, რასაც ჩვენთვის ტექნიკური ლელოს ჩათვლა მოჰყვა - 28:17.

 

სამწუხაროდ, მეტოქის კაცნაკლულობა ჩვენმა გუნდმა ვერ გამოიყენა. ძალიან ელემენტარულ სიტუაციებში მიუტევებელი შეცდომები დაუშვა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ლოგიკურად დამარცხდა.

წინ კიდევ მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩებია. მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი დროა დარჩენილი და იმედი ვიქონიოთ, რომ გუნდი უკეთ შეთამაშდება.

ვინ იცის, იქნებ მორიგი შანსი მივიღოთ და იტალიას ამჯერად თბილისში შევხვდეთ. აი მერე კი ვნახოთ...

გამოყენებულია Georgian Rugby-ის ფოტომასალა

ცხელი ამბები