პოლ პოგბა:
Aa
Aa

პოლ პოგბა: "ტურინი ჩემი სახლია"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი ლიდერი, პოლ პოგბა ოთხშაბათს ტურინში ჩავა და ყოფილ გუნდს, „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა „ბიანკონერი“ 2016 წელს დატოვა და ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩი მისი პირველი დაბრუნება იქნება.

პოგბა „იუვეში“ 4 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან სერია ა-ს ტიტული ამდენჯერვე დაისაკუთრა და გასაკვირი სულაც არაა, რომ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებით აღტაცებული დარჩა.

სამომავლო დაპირისპირების შესახებ პოგბამ Tutosport-თან ისაუბრა და განაცხადა: „იტალიაში დაბრუნება უდიდესი სიამოვნება იქნება. ტურინი ჩემი სახლია, პროფესიონალურ დონეზე პირველი გოლი სწორედ აქ გავიტანე“.

„კენჭისყრის დაწყებამდე ჩემს ძმას ვეუბნებოდი, რომ ჯგუფურ ეტაპზე „იუვესთან“ ერთად მოვხვდებოდით და როცა ასე მოხდა ორივე გაოცებულები დავრჩით“.

პოგბა „იუვენტუსში“ გატარებულ პერიოდსაც შეეხო და „ბიანკონერის“ მოთამაშეებზე ისაუბრა: „კუადრადო, დიბალა, ბონუჩი... „იუვეში“ ყოფნისას მათთან ხშირად ვლაპარაკობდი და მიღებულ რჩევებს ვითვალისწინებდი. ჩვენი ერთი ოჯახივით ვიყავით და ურთიერთობა ტურინის დატოვების შემდეგაც შევინარჩუნეთ. როდესაც ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაშობ, როგორებიც ბუფონი, პირლო და კიელინი არიან, ბევრ რამეს სწავლობ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები