გველესიანი: ''უფანტაზიო უჰრინმა მცირე კონფლიქტის გამო კვეკვესკირს 2 წელი დააკარგვინა''
Aa
Aa

გველესიანი: ''უფანტაზიო უჰრინმა მცირე კონფლიქტის გამო კვეკვესკირს 2 წელი დააკარგვინა''

ირანული საფეხბურთო კლუბის, ''ნასაჯის'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი 2010-17 წლებში თბილისის ''დინამოს'' შემადგენლობაში ირიცხებოდა. მიმდინარე წელს მოთამაშე youtube-ს საკუთარ არხზე პერიოდულად ვიდეობლოგებს ტვირთავდა. ერთ-ერთი თემა ''დინამოში'' გატარებულ პერიოდს ეხებოდა. გველესიანი იხსენებს უმცროს დუშან უჰრინთან  ურთიერთობას, მას უფანტაზიო მწვრთნელს უწოდებს, რომელიც ფეხბურთელებს ისე ავარჯიშებდა, როგორც მძლეოსნებს.

გიორგი გველესიანი საუბრობს ნიკა კვეკვესკირისა და დავით ხოჭოლავას შესახებ, რომელთაც უჰრინი უსამართლოდ მოექცა და მეორე გუნდში გადაიყვანა, დღეს კი ისინი ეროვნული ნაკრების მუდმივი წევრები არიან. ხსენებული ვიდეობლოგიდან ორ ნაწყვეტს გთავაზობთ.

პირველი ნაწყვეტი 

''მტერი შინ ეძებეთო. ''დინამოს'' შინაური მტერი არ მოკლებია. ძალიან ბევრი ჩასაფრებულ პოზიციაში იყო. ახალი მწვრთნელი, ახალი მენეჯერები, ახალი სელექციონერები მოდიოდნენ. ახალ სელექციონერებს ახალი ფეხბურთელები მოჰყავდათ. ანალოგიურად იქცეოდნენ მენეჯერები და მთავარი მწვრთნელები.

ხელფასებში საკმაოდ დიდი დისბალანსი იყო. ''ტოტენჰემთან'' თამაშისას ხელფასი 500 ლარი მქონდა. სათადარიგოთა სკამზე უსტარიცი იჯდა, რომელსაც ხელფასი მინიმუმ ასჯერ მეტი ჰქონდა. ბუნებრივია ინვესტორს კითხვა უჩნდება, რატომ ვიხდი ამ ადამიანში ასჯერ მეტს თუ 500-ლარიანი ფეხბურთელი ძირითადში თამაშობს. ეს ლოგიკური კითხვაა. ესეთი დისბალანსი მიუღებელია. მწვრთნელებს, მენეჯერებსა და პრეზიდენტს შორის კონსოლიდაცია ვერ მოხდა. ''დინამოში'' ეს პრობლემა იყო, რაც გარკვეულწილად წარუმატებლობის საწინდარია.''

2013 წლის 29 აგვისტო, ''ვაით ჰართ ლეინზე'' გიორგი გველესიანი და ჯერმეინ დეფო

მეორე ნაწყვეტი

''ქართველებს ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის გვყავდა. ერთ-ერთი ასეთი ტალანტი ნიკა კვეკვესკირი იყო. მახსოვს ''დინამოს'' ბაზაზე შეკრება გვაქვს. ეს ის პერიოდია, როცა ბატონმა რომან ფიფიამ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაგვარა და გუნდის წევრებთან დალაპარაკება გადაწყვიტა, სადაც დუშან უჰრინიც იმყოფებოდა. რომან ფიფია ეკითხება დუშანს: ყველაფერი გაგიკეთეთ, კლუბის ბაზა წესრიგშია, ფინანსური პრობლემები არ გვაქვს, ფეხბურთელები ჩამოგიყვანეთ. ახლა რა არის საჭირო? - დუშან უჰრინმა უპასუხა, რომ მთა ამიშენე, ფეხბურთელები უნდა ვარბენინოო. ცხადია, ბატონმა რომამ მისი პასუხი სერიოზულად მიიღო და ბაკურიანში გაგვიშვეს.

კვეკვესკირი ''დინამოს'' მაისურით ბათუმის ''დინამოსთან'' შეხვედრაში

ჩვენი უფანტაზიო მწვრთნელი ბაკურიანში დღეში სამჯერ გვარბენინებდა. დილით 6 საათზე გვარბენინებს, შემდეგ - 10 საათზე, ბოლოს კი - 5 საათზე. როდესაც ფეხბურთელი მძლეოსნად გრძნობ თავს, ბევრ რამეზე ნერვები გეშლება და აგრესიული ხდები. ბაკურიანში კვეკვესკირსა და უჰრინს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ ნიკა უკან დახიეს, მეორე გუნდში გადაიყვანეს. ცხადია, მწვრთნელმა დისციპლინარული ზომები უნდა გაატაროს, მაგრამ ამის გამო ფეხბურთელს 2 წელი არ უნდა დააკარგვინო. კვეკვესკირის გარდა უჰრინს პრობლემები გიორგი რეხვიაშვილთან და დავით ხოჭოლავასთან ჰქონდა. ვინ იცის დღეს სად იქნებოდა რეხვიაშვილი, მას რომ უჰრინთან პრობლემები არ ჰქონოდა. შემდგომში მას თამაშის დაწყება ნულიდან მოუწია.

უჰრინი ხოჭოლავას ხან მარჯვენა გარემარბად, ხან კი ფორვარდად ათამაშებდა. უჰრინმა მას პოზიცია ვერ მოუნახა და ხოჭოლავა მეორე გუნდში გადაიყვანეს, საბოლოოდ კი გაუშვეს. დღეს ხოჭოლავა ''შახტარშია'' და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. თავკომბალა მწვრთნელების ხუშტურებიდან გამომდინარე ბევრი ფეხბურთელი დაიკარგა.

ცხადია 20-21 წლის ფეხბურთელებს იდეალური ხასიათი არ აქვთ. მათ თავი ჩამოყალიბებული ფეხბურთელები ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ყველაფერს მიაღწიეს, თუმცა სწორედ მაშინ დგამენ პირველ ნაბიჯებს. ფსიქოლოგიური ხელშეწყობა აუცილებელია. ქართველი ადამიანი საკმაოდ ტემპერამენტიანია და სხვანაირი ხასიათი აქვს. მას რომ კარგად მიუდგე, მის პროტოტიპს უნდა იცნობდე.''

2011 წელს კვეკვესკირი ''ბაიადან'' თბილისის ''დინამოში'' გადავიდა. 2013 წლის იანვრიდან  სარეზერვო გუნდში თამაშობდა, ნახევარი სეზონით კი ''ცხინვალში'' გაანათხოვრეს. 2014 წლის ზაფხულში კვეკვესკირმა კარიერა გორის ''დილაში'' გააგრძელა, შემდეგ კი ბაქოს ''ინტერსა'' და ''გაბალაში'' თამაშობდა, ამჟამად ყაზახური ''ტობოლის'' ფეხბურთელია. 2015 წლიდან ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევენ.

რაც შეეხება ხოჭოლავას, 2014 წელს ''დინამოდან'' ქობულეთის ''შუქურაში'' გადავიდა, შემდეგ კი ოდესის ''ჩერნომორეცში'' თამაშობდა.  2017 წლიდან ცენტრალური მცველი დონეცკის ''შახტარისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

დუშან უჰრინი უმცროსი თბილისის ''დინამოს'' მთავარ მწვრთნელად 2012-13 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით კლუბმა საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს თასი მოიგო, თუმცა მთავარ მიზანს, რაც ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გულისხმობდა, ვერ მიაღწია. უჰრინმა სამწვრთნელო კარიერა თბილისის ''დინამოდან'' პლზენის ''ვიქტორიაში'' გააგრძელა, ამჟამად კი უმუშევრია.

იხილეთ ვიდეობლოგის სრული ვერსია

ფოტო: gff.ge, fcdinamo.ge, shakhtar.com, Reuters

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები