5 რამ რაც ვაისმა შეცვალა - ვინ ქმნის ჩვენს გუნდში ამინდს? ვინ აკონტროლებს თამაშს?
Aa
Aa

5 რამ რაც ვაისმა შეცვალა - ვინ ქმნის ჩვენს გუნდში ამინდს? ვინ აკონტროლებს თამაშს?

დავიწყოთ იმით, რომ ფეხბურთი ჩვენი თამაშია. ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ. მანამდე კი საქართველოს ნაკრების მიერ გამართული უკანასკნელი ორი შეხვედრა განვიხილოთ.

როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე? ის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დამსახურება ბევრ ადამიანს მიუძღვის და მათ შორის არის ფეხბურთის ფედერაციაც, რომელმაც ამ ყველაფრისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა და ვლადიმირ ვაისს ნდობა გამოუცხადა.

ყველაფერი ნდობით იწყება, რომელსაც ზურგს სწორი გეგმა უმაგრებს.

ვაისს გამოუცხადეს ნდობა, მისცეს დრო, მას ჰქონდა ხედვა და თავისი გეგმა, რომლის განხორციელებაც ფეხბურთელებმა ეტაპობრივად, ნელ-ნელა დაიწყეს და ეს ყველაფერი ყოველი მატჩის შემდეგ სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

მოდით ცოტა უფრო უკან გავიხედოთ. რა იყო საჭირო ნაკრებში სიტუაციის დასალაგებლად? რა გააკეთა ვაისმა?

5 რამ რაც ვაისმა შეცვალა და რამაც შედეგი დადო

1 - მწვრთნელმა პირველ რიგში დაალაგა შიდა სამზარეულო და ფეხბურთელები ერთ ოჯახად აქცია. ურთიერთობასა და მშვიდ, მეგობრულ გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

2 - ბურთის კონტროლი და რაც შეიძლება მეტი პასი. ვაისმა სათამაშო სტილი პირველივე დღიდანვე შეცვალა. საქართველოს ნაკრები ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ცდილობს, რომ ბურთი დაიჭიროს და ფონს მოკლე გადაცემებით გავიდეს. სჯობს ფეხბურთი ითამაშო და ისე დამარცხდე, ვიდრე მთელი გუნდით დაცვაში იდგე მაინც წააგო.

3 - ძირითადი ბირთვი. ვაისმა ჩამოაყალიბა ძირითადი ბირთვი, რომელიც რამდენიმე მოთამაშისგან შედგება და გუნდი სწორედ მათ ირგვლივ არის აწყობილი.

4 - როტაცია, რომელიც პრობლემებს არ ქმნის. ჩვენს ნაკრებს ყოველთვის ჰყავდა ტრავმირებული მოთამაშეები. 1-2 მნიშვნელოვანი  ფეხბურთელის დაშავების შემდეგ გუნდს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა და ახლა ეს პრობლემა წარსულს ჩაბარდა. ამის ნათელი მაგალითი ლატვიასთან გასვილითი შეხვედრა გახლავთ.

5 - თავდაჯერებულობა. ჩვენს ნაკრებს თვითრწმენა დაუბრუნდა და თამაშის მიმდინარეობისას ეს კარგად ჩანს. ყოველთვის გვახასიათებდა უაზრო გოლების გაშვება და ტაიმის მიწურულს კონცენტრაციის დაკარგვა. ბოლო მატჩებში ასეთ რამეს ვერ გავიხსენებთ.

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს სერბეთთან წაგებული მატჩი თბილისში, როდესაც 1:0-ზე სხვაობა ორამდე უნდა გაგვეზარდა, თუმცა ყაზაიშვილმა მომენტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ბალკანელებმა 3 ბურთი გაგვიტანეს...

ამ მატჩის შემდეგ ვაისმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია“.

ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ სლოვაკი სპეციალისტი ნდობას იმსახურებდა. ვაისმა თავისი სათქმელი ფეხბურთელებამდე მიიტანა და გუნდმა ეს ყველაფერი გაისისხლხორცა.

ვინ ქმნის ჩვენს გუნდში ამინდს? ვინ აკონტროლებს თამაშს?

თანამედროვე ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია თუ როგორი ნახევარდაცვის ხაზი გყავს.

შენი შუახაზელები თავდაცვასა და შეტევას თავს თანაბრად კარგად უნდა ართმევდნენ.

თუ, ვაისმა დაცვაში სიტუაცია მალე დაალაგა, იგივეს ვერ ვიტყოდით ნახევარდაცვის ცენტრზე, რომელიც როტაციას მუდმივად განიცდიდა.

ტრავმები და არასასურველი ფორმა მწვრთნელს დიდ პრობლემებს უქმნიდა, თუმცა მან დასახულ მიზანს მაინც მიაღწია.

ბოლო შეხვედრებში შეამჩნევდით, რომ ნახევარდაცვის ცენტრში კანკავა-კვეკვესკირის დუეტი მოქმედებს.

ეს ორი მოთამაშე ერთფეროვანთა კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება. მაგალითად ჩვენს კაპიტანს კანკავას თავისი უშუალო მოვალეობის მეტოქის იერიშების ჩაშლის გარდა, შეტევების წამოწყება და გოლების გატანაც კარგად ეხერხება, რაც ბოლო შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა.


 

ჩვენმა კაპიტანმა ერთა ლიგის პირველ 4 ტურში სამაგალითოდ ითაშა. კანკავა ყველა შეხვედრაში 100%-ით იხარჯება და მოედნის ცენტრის სრულ ოკუპირებას ახდენს.

რაც შეეხება კვეკვესკირს, გუნდში მისი სტილის შუახაზელის ყოლა ნამდვილი ფუფუნებაა. ბურთის კონტროლი და პასის კულტურა ნიკას უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული.

დაცვითი ფუნქციების შესრულების შემდეგ, ბურთთან ერთად ის გუნდის ნამდვილი არწივის თვალია. კვეკვესკირის მოედნის ხედვა საქართველოს ნაკრებს დიდ ფუფუნებას აძლევს.

ერთა ლიგის განვლილ 4 შეხვედრაში კვეკვესკირის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა, რომელიც მან ანდორის წინააღმდეგ შეასრულა.


 

საქმე მხოლოდ გოლებსა და საგოლე გადაცემებში როდია. ერთა ლიგაზე ნიკას სტატისტიკა სასიხარულო და იმედისმომცემია. ზუსტი გადაცემების რაოდენობით ქართველი შუახაზელი ბოლო 4 შეხვედრაში ტოპ 5 მოთამაშეს შორის იმყოფება.

ნახევარდაცვის ცენტრში კანკავასა და კვეკვესკირის გარდა გუნდში ანანიძე, გვილია და აბურჯანია არიან, რაც ვაისს დიდ არჩევანს აძლევს.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს ნაკრებს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ღირსეულად ითამაშოს და აქცენტი ბურთის კონტროლზე გააკეთოს.

შიშის ძალა - როდესაც „ერთი“ გყავს, რომლისაც ყველას ეშინია

ფეხბურთი გუნდური სპორტია. ერთმა კაცმა შესაძლოა კონკრეტული მატჩის ბედი გადაწყვიტოს, თუმცა რაიმე მიზნის მისაღწევად მთელმა კოლექტივმა უნდა იშრომოს და შედეგი მხოლოდ ამის შემდეგ მოდის.

საქართველოს ნაკრებს გუნდურად თამაში ნამდვილად არ აკლია და ეს სასიხარულო ფაქტია, თუმცა არის ერთი ბიჭი, რომელიც მატჩის მსვლელობისას მოედანზე სხვაობას ქმნის.

ჩაკვეტაძე უდაოდ ქართული ფეხბურთის მომავალია და ყველას იმედი აქვს, რომ გიო ტრადიციას დაარღვევს და ტალანდობიდან ჩამოყალიბებულ, უმაღლესი დონის პროფესიონალად იქცევა.

19 წლის ქართველი შემტევი გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც ჩინებულად გამოიყურება. ამის ნათელი დასტური ყაზახეთში გამართული შეხვედრა იყო.

მატჩის დიდი ნაწილი ჩაკვეტაძე თითქოს შეუმჩნეველი იყო და შავ სამუშაოს ასრულებდა, თუმცა როდესაც სივრცე იგრძნო უმალვე შედევრი შექმნა.

ჩაკვეტაძის ფორმის შენარჩუნებასა და განვითარებას ჩვენი ნაკრებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის არის მოთამაშე, რომელსაც ხალხი სტადიონზე მიჰყავს და მათ იმედით ავსებს.

ფეხბურთი ხომ სანახაობაა და ჩაკვეტაძეც მისი გარანტია.


 

როგორია საქართველოს ნაკრების ოპტიმალური თერთმეტეული?

ვაისის გუნდის მთავარი პრობლემა თავდასხმის ხაზია. ცენტრფორვარდები გამუდმებით ტრავმირებულები არიან, ხოლო კაჭარავა თავის პოტენციალს ვერ ავლენს და მისი თამაში რბილად, რომ ვთქვათ არადამაკმაყოფილებელია.

ვაისმა ცრუ ცხრიანის გამოყენება რამდენჯერმე სცადა და შეგვიძლია ვთქვათ ამან გაამართლა.

ჩვენს გუნდს ტიპიური ცენტრფორვარდის გარეშე თამაში შეუძლია. ფორვარდის ფუნქციებს ყაზაიშვილი ითავსებს და მისი წინ წაწევით შემადგენლობაში ერთით მეტი ნახევარმცველია, რაც ბურთის უკეთ გაკონტროლების საშუალებას გვაძლევს.

როგორ გამოიყურება ჩვენი ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა? როდესაც ყველა ჯანმრთელად არის და პრობლემები არავის აწუხებს.

სავარაუდოდ ასე...

როდესაც რამეს მიაღწევ, შემდეგ ის უნდა შეინარჩუნო და განვითარება განაგრძო

რა შედეგიც დღეს გვაქვს, ეს სწორი დაგეგმვისა და მუშაობის შედეგია, თუმცა მიღწეულს შენარჩუნება უნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ნაბიჯს ვერ გადადგამ.

პროგრესის გასაგრძელებლად და ახალ საფეხურზე ასასვლელად კიდევ უფრო მეტია საჭირო და ვიცით, რომ ჩვენს ნაკრებს ამის რესურსი აქვს.

არიან მოთამაშეები, რომლებსაც ჯერ თავიანთი სიტყვა არ უთქვამთ... მაგალითად გიორგი არაბიძეც გამოდგება, რომელიც ჩაკვეტაძის მსგავსად უდიდესი ნიჭის პატრონია, თუმცა მას დისციპლინისა და ხასიათის პრობლემები აქვს.

ჩვენ დასაკარგი ფეხბურთელები ნამდვილად არ გვყავს და გვსურს, რომ ნაკრების მაისურით ყველამ ითამაშოს და იბრძოლოს.

ფეხბურთის ფედერაცია არაბიძეს სწორად უდგება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი შედეგს მალე გამოიღებს და უახლოეს მატჩებში ჩვენი გუნდი კიდევ უფრო ძლიერი და სოლიდური გახდება.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 16-19 ნოემბერს ანდორისა და ყაზახეთთან მატჩებით დაიხურება, რის შემდეგაც ნახევარფინალებისა და ფინალის ხილვა 2020 წლამდე აღარ შეგვეძლება.

გეტყვით იმასაც, რომ ამ წუთისთვის საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგები ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსს გარანტირებულად გვაძლევს.

2 დეკემბერს უკვე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და საინტერესოა როგორი ჯგუფი შეგვხვდება.

ეს ერთის მხრივ უცნაური და საინტერესო ციკლი იქნება, რადგან ჩვენი უმთავრესი შანსი ერთა ლიგიდან ფინალურ სტადიაზე მოხვედრა გახლავთ.

საქართველოს ნაკრები შესარჩევზე ყოველგვარი დაძაბულობისა და წნეხის გარეშე ითამაშებს, რაც ჩვენი გუნდის ხილვას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

პ.ს. ფეხბურთი ჩვენი თამაშია! ეს ერთა ლიგამ და ტრიბუნებზე შექმნილმა ატმოსფერომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ რა გარემო იქნება ნახევარფინალურ შეხვედრაზე, რომელიც დიდი ალბათობით „დინამო არენაზე“ გაიმართება...

ფოტო - gff.ge

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები