ბრიუს ბაკი:
Aa
Aa

ბრიუს ბაკი: "აზარის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ"

„ჩელსი“ ედენ აზარის გაშვებას არ აპირებს. ბელგიელმა გუნდის დატოვების და „რეალში“ გადასვლის სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა, თუმცა „არისტოკრატების“ დირექტორის, ბრიუს ბაკის, თქმით ლონდონელები ედენის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.

ბელგიელი შემტევი წლევანდელ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. აზარი მაურიციო სარის საფეხბურთო ფილოსოფიას იდეალურად მოერგო და პრემიერ ლიგის 8 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

დოჰაში გამართული ერთ-ერთი ღონისძიების შემდეგ ბაკმა ჟურნალისტებთან აზარის მომავლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა: „ედენ აზარი ლონდონის ჩელსის ყველა გულშემატკივარს ძალიან უყვარს. ჩემი აზრით იგი არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი პიროვნებაა“.

„ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. ვნახოთ სიტუაცია როგორ განვითარდება და სეზონის ბოლოს რა მოხდება“.

დატოვებს თუ არა აზარი „ჩელსის“ ჯერჯერობით უცნობია. მანამდე „ლურჯებს“ სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მომდევნო უქმეებზე "არისტოკრატები" „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები