იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეშვიდე ტური
Aa
Aa

იცოდით რომ... პრემიერ ლიგის მეშვიდე ტური

გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მორიგი ტური გაიმართა. ცენტრალური მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" შედგა, სადაც "ჩელსი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა. "არისტოკრატებმა" შესანიშნავად იასპარეზეს, "მერსისაიდელებს" საკუთარი თამაში მოახვიეს, თუმცა სტარიჯის საოცარი გოლის გამო მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდნენ. სერიოზულ კრიზისში იმყოფება "მანჩესტერი". "იუნაიტედი" ამჯერად "ვესტ ჰემთან" დამარცხდა.

CrystalSport-ის გუნდი წარმოგიდგენთ რუბრიკას, რომელსაც პრემიერ ლიგის ყოველი ტურის შემდეგ შემოგთავაზებთ და რაუნდის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებთ.

„ბორნმუთმა“ პრემიერ ლიგის ეგიდით ორშაბათს გამართული მატჩი პირველად მოიგო. „ალუბლებს“ აქამდე 5 შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული - 1 ფრე, 4 წაგება.

კალუმ პატერსონმა „ბარნლის“ წინააღმდეგ საჰაერო დუელი 23-ჯერ მოიგო. 2003-04 წლის სეზონის შემდეგ ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

დანიელ სტარიჯი „ლივერპულის“ მეშვიდე ფეხბურთელია, რომელმაც „მერსისაიდელთა“ მაისურით პრემიერ ლიგაში 50 გოლზე მეტი გაიტანა. „წითლების“ რიგებში მსგავსი რამ ფაულერს, ჯერარდს, ოუენს, სუარესს, ტორესს და კიუიტს აქვს გაკეთებული.

გასული სეზონის ჩათვლით პატრიკ ვან აანჰოლტმა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 6 გოლი შეაგდო. მცველებს შორის ამ პერიოდში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ მარკოს ალონსოს აქვს - 8.

21 წლის და 84 დღის ასაკში დევიდ ბრუქსი „ბორნმუთის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგაში თავის გამოჩენა მოახერხა.

„კარდიფისა“ და „ბარნლის“ მატჩის პირველ ტაიმში მხოლოდ 280 პასი შესრულდა, საიდან ზუსტი, გადაცემათა 59 პროცენტი აღმოჩნდა.

პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში ედენ აზარმა 6 გოლი გაიტანა და ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ 8 დარტყმა დასჭირდა.

„ეტიჰად სტედიუმზე“ ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ეგიდით გამართულ ბოლო 11 შეხვედრაში აგუერომ მონაწილეობა 18 გოლში მიიღო.

გილფი სიგურდსონმა პრემიერ ლიგაში პენალტი პირველად ვერ გამოიყენა.

„მანჩესტერმა“ საწყის შვიდ შეხვედრაში 10 ქულაზე ნაკლები მხოლოდ 1989/90 წლების სეზონში აიღო - 7.

დავიდ დე ხეამ საწყისი შვიდი შეხვედრიდან გოლი 6-ში გაუშვა. შარშან ესპანელმა კიპერმა პირველი 7 მატჩიდან კარი მშრალად 6-ში შეინახა.

2018 წელს მარკო არნაუტოვიჩმა 10 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

„ვულვზი“ პრემიერ ლიგის საწყის შვიდ შეხვედრაში მოედანზე ერთი და იგივე სასტარტო შემადგენლობით გამოვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები