Aa
Aa

ბასილაშვილის მორიგი ხმაურიანი გამარჯვება! - ქართველმა ჯეკ სოკი დაამარცხა!

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრა გამართა და მსოფლიოს მე-18 ჩოგან ჯეკ სოკს დაუპირისპირდა.

მატჩი US Open-ის რანგით მე-2 კორტზე - Louis Armstrong Stadium-ზე ჩატარდა და მის აშკარა ფავორიტად ამერიკელი ითვლებოდა, რომელიც გასული წლის ნოემბერში მსოფლიოს მე-8 ჩოგანი გახლდათ, ამჟამად კი რეიტინგის მე-18 საფეხურზეა. სოკმა რამდენიმე კვირის წინ უიმბლდონის წყვილთა გათამაშება მოიგო, თუმცა ერთეულთა შორის არცთუ კარგი შედეგები ჰქონდა - ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოგება.

ბასილაშვილი და სოკი ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ. ნიკამ პირველ რაუნდში ალიაჟ ბედენეს აჯობა, სოკმა კი გუიდო ანდრეოცი დაამარცხა.

ქართველმა თამაში ცუდად დაიწყო და პირველსავე გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო, ადგილობრივი კი შესანიშნავად აწვდიდა, რამაც საწყისი პარტიის ბედი გადაწყვიტა და სოკი დაწინაურდა.

მეორე სეტშიც თანაბარი თამაში წარიმართა და გადამწყვეტი მომენტი მე-6 გეიმში დადგა, როცა ბასილაშვილმა ბრეიკის შესრულება შეძლო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. ნიკამ ამ წარმატებას მე-3 სეტის დამაჯერებლად მოგება მიაყოლა და პარტიებში წინ გავიდა.

საინტერესო სცენარი განვითარდა მე-4 სეტში, როცა 4:5-ზე ნიკოლოზი მატჩზე აწვდიდა, თუმცა გეიმი წააგო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ქართველი იქაც უპირატესობას ფლობდა და სეტი, ამასთანავე, მატჩი დამაჯერებლად დახურა - 4:6; 6:3; 6:2; 7:6.

ნიკას 11 ეისი ჰქონდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. პირველ მოწოდებაზე 54-დან 44, ხოლო მეორეზე 65-დან 41 ქულა მოიგო. ბადესთან 17-ჯერ გავიდა და მათგან 14-ჯერ საქმე ქულამდე მიიყვანა.

ამერიკელს 41 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რასაც ბასილაშვილმა 30 შეცდომით უპასუხა. ჩვენებური უკეთესი იყო აქტიური თამაშით მოგებული ქულების მაჩვენებლითაც - მან 45 ვინერი მიითვალა, სოკმა კი - 37.

ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში კარიერაში პირველად გავიდა, ამ შედეგით კი 180 სარეიტინგო ქულა გაინაღდა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე არგენტინელი, გუიდო პელა გახლავთ, რომელმაც ვეტერან იტალიელ პაოლო ლორენცის 3 სეტში მოუგო.

პელა მსოფლიოს 66-ე ჩოგანია და კარიერაში ATP-ს ტიტული არ მოუგია. იგი ძირითადად თიხის საფაროვან ტურნირებზე გამოდის, სწრაფ საფარზე კი ნაკლებად სახიფათოა. თუმცა, გავიხსენოთ, რომ პელამ წლევანდელ უიმბლდონზე მარინ ჩილიჩს 0:2-დან მოუგო.

ბასილაშვილისა და პელას მატჩის გამარჯვებული, 1/8 ფინალურ სტადიაზე რაფაელ ნადალისა და კარენ ხაჩანოვის შეხვედრაში მოგებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები