''სარი ინგლისური ფეხბურთისთვის სრულყოფილია'' - იტალიური სადილი საკისთან ერთად
Aa
Aa

''სარი ინგლისური ფეხბურთისთვის სრულყოფილია'' - იტალიური სადილი საკისთან ერთად

პეპ გუარდიოლას აზრით მაურიციო სარი ლონდონის ჩელსის პრემიერლიგის ფავორიტებს შორის დააბრუნებს და ‘‘არისტოკრატები’’ ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

როგორც გუარდიოლა აღნიშნავს, ახალი სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე ‘‘ჩელსის’’ მიერ ჩატარებული სამი მატჩი იხილა. პეპის აზრით იტალიელმა ინგლისურ გუნდს თავისი ხელწერა უკვე დაატყო.

პეპ გუარდიოლა: ‘‘ბედნიერი ვარ, რომ სარი ინგლისში იმუშავებს. მისგან ბევრი რამის სწავლა შემიძლია. მისი გუნდის თამაშებს ყოველ კვირაში ვიხილავ, რასაც გასულ სეზონში ხშირად ვერ ვახერხებდი. ‘‘ჩელსის’’ სამი თამაში ვნახე. მოკლე დროში მისი გუნდი თამაშობს ისე, როგორც მთავარ მწვრთნელს სურს.

ცხადია მას მეტი დრო სჭირდება, რომ საკუთარი ხედვები და იდეები ‘‘ჩელსის’’ თამაშზე აისახოს. ვფიქრობ სარი სრულყოფილია ინგლისური ფეხბურთისთვის.

‘‘ჩელსი’’ ყოველთვის ძლიერი მეტოქე იყო, ‘‘მანჩესტერ იუნაიტედის’’ შემდეგ ტიტულებს ყველაზე ხშირად იგებდა. ‘‘ჩელსი’’ ძლიერი იყო მოურინიოს, ანჩელოტის, დი მატეოსა და კონტეს დროს. დარწმუნებული ვარ ასე იქნება სარის ხელმძღვანელობის პერიოდშიც.''

პეპ გუარდიოლამ მაურიციო სარისთან შეხვედრა გაიხსენა, როცა ლეგენდარულმა არიგო საკიმ ''ჩელსისა'' და ''მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელები იტალიაში სადილზე დაპატიჟა.

გასულ პარასკევს სარიმ მედიასთან საუბარში გუარდიოლასთან შეხვედრა გაიხსენა: ''მან მითხრა, რომ ინგლისში მუშაობა ძალიან რთულია და რომ პრემიერლიგაში ძალიან მაღალი დონეა. მას ''მანჩესტერ სიტიში'' მუშაობის პირველ სეზონში პრობლემები ჰქონდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, ფეხბურთი მეტ-ნაკლებად ყველგან იდენტურია.

ის ჩემი მეგობარია. მას პატივს ვცემ. მან შესანიშნავად იმუშავა ''ბარსელონაში,'' ''ბაიერნსა'' და ''მანჩესტერ სიტიში.'' ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა შესაძლოა ნომერ პირველია.''

შეგახსენებთ, გასულ სეზონში სარის გაწვრთნილი ''ნაპოლი'' სერია ა-ში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო გუარდიოლას ''მანჩესტერ სიტიმ'' პრემიერლიგაში 91 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები