BBV ანუ ახალი
Aa
Aa

BBV ანუ ახალი "რეალი": ლოპეტეგის ხედვა - ახალი ლიდერები და ახალი როლები

მადრიდის „რეალში“ ახალი ეპოქა დაიწყო. ზინედინ ზიდანმა გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება შეძლო და ამ ყველაფრის შემდეგ წასვლისთვის იდეალური მომენტი შეარჩია.

ზიზუ წავიდა და მას რონალდუც გაჰყვა. კრიშტიანუ ამიერიდან „იუვენტუსისთვის“ გაიტანს.

ზიდანის პოსტი ხულენ ლოპეტეგიმ დაიკავა, თუმცა რონალდუს ანუ ლიდერის პოზიცია გუნდში ამ დრომდე ვაკანტური რჩება.

ალბათ, შესაძლებლობების ზღვარი ყოვლისშემძლე ფლორენტინო პერესსაც აქვს. მადრიდელთა ლეგენდარულმა პრეზიდენტმა თავის სიაში მყოფი ვერცერთი ფეხბურთელის შეძენა ვერ მოახერხა.

ნეიმარი, მბაპე, აზარი, კეინი, სალაჰი - „რეალს“ რონალდუს როლის მოსარგებად 5 კანდიდატი ჰყავდა შერჩეული, თუმცა ვერცერთი ვერ შეიძინა და ახლა გუნდი რთულ სიტუაციაში იმყოფება.

ამ ყველაფრის ფონზე სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებს მთავარი მწვრთნელი ლოპეტეგი, რომელიც მის ხელში არსებული კონტიგენტით კმაყოფილია და ქომაგებს იმაზე უკეთესი „რეალის“ ნახვას ჰპირდება, როგორიც ბოლო წლებში იყო.

„ჩემს ხელში მყოფი ამჟამინდელი გუნდით აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ გუნდი უნდა გადავაწყოთ, რადგან ისეთი მოთამაშე წავიდა როგორიც რონალდუა. „რეალი“ იმაზე ძლიერი იქნება ვიდრე აქამდე იყო“.

ლოპეტეგიმ Marca-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გუნდის აწყობას ისკოს ირგვლივ გეგმავს და მცირე როლი არც მარკოს ასენსიოს ექნება.

ამით ლოპეტეგიმ მიანიშნა, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს თუ კლუბი სუპერვარსკვლავის შეძენას ვერ მოახერხებს.

მწვრთნელი არც გამოცდილ კადრებს ივიწყებს და მათთან მუშაობასაც გეგმავს.

„ჩვენ განაცხადში შესანიშნავი მოთამაშეები გვყავს, ბეილის ჩათვლით. ისეთ ფეხბურთელებთან ერთად როგორებიც გარეთი და კარიმი (ბენზემა) არიან, ყველაფერი გაცილებით მარტივია“.

ლოპეტეგის სათამაშო სტილი ყველასთვის ცნობილია - ესპანელს აგრესიული, შემტევი და კომბინირებული ფეხბურთის თამაში უყვარს.

სწორედ ასეთი იყო მისი ფორმაციის ესპანეთის ნაკრებიც და ვინ იცის, მუნდიალის დაწყებამდე ორი დღით ადრე, რომ არ წასულიყო იქნებ „ფურია როხას“ რუსეთში ბევრი რამ შეეცვალა...

ზიდანის „რეალი“ უფრო ფრთხილ ფეხბურთს თამაშობდა. უკნიდან მოქმედებდა და მეტოქის შეცდომას ელოდა.

გავიხსნოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ზიზუმ „ლივერპულს“ ბურთი და ტერიტორიული უპირატესობა დაუთმო. სალაჰის ტრავმის შემდეგ კი „რეალი“ უცებ აფეთქდა და მატჩის სადავეები ხელთ იგდო.

ზიდანის კოლექტივს რამდენიმე სქემით თამაში შეეძლო. გუნდს გააჩნდა ხასიათი, რომელსაც საჭირო მომენტში ავლენდა. პრაგმატიზმი, სიდინჯე, მკვლელის ინსტიქტი - სამეფო კლუბს ამ თვისებებიდან ყველა გააჩნდა და საჭირო დოზით იყენებდა.

„რეალს“ ჰქონდა კლასი და გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომლის წინაშეც მეტოქეთა დიდი ნაწილი უბრალოდ უძლური იყო.

ლოპეტეგის შემთხვევაში ისმის რამდენიმე კითხვა? რამდენად შეესაბამება მისი კლასი და დონე მადრიდის „რეალს“? რამდენად შეძლებს ის რონალდუს როლის მორგებას ერთ, ან რამდენიმე მოთამაშეზე?

ესპანეთის ნაკრებში მას სერიოზული გამოცდა არ ჩაუბარებია და მხოლოდ „პორტუში“ მიღწეული წარმატების მიხედვით მსჯელობა რთული იქნება.

გამომდინარე იქედან, რომ „რეალი“ მეგატრანსფერს ვერ ანხორციელებს, ლოპეტეგიმ პრესას მიანიშნა, რომ შეტევაში ის ახალი ტრიოს BBV-ს გამოყენებას შეეცდება - ბეილი, ბენზემა, ვინიციუსი.

ხსენებული ტრიოს დებიუტი ამერიკულ ტურნეში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შედგა.

ლოპეტეგიმ მატჩის შემდეგ ვინიციუსი შეაქო. მწვრთნელი 18 წლის ფორვარდით კმაყოფილი ჩანდა.

„ის ძალიან ახლაგაზრდაა და მან ჩვენს სათამაშო სტილთან ადაპტაცია უნდა გაიაროს. ვინიციუსმა მანჩესტერის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მას მეტიც შეუძლია“.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა თუ ასე გაგრძელდა და “რეალმა“ მეგატრანსფერი ვერ განახორციელა, მადრიდელთათვის 2018-2019 წლების სეზონი ნამდვილი გამოცდა იქნება.

სამეფო კლუბი ჯერ კიდევ ინტერესდება ედინსონ კავანისა და ვილიანის შეძენით, თუმცა მეგატრანსფერს ვერცერთი მათგანის გაფორმებას ვერ ვუწოდებთ.

„რეალს“ ახალი ლიდერები ეყოლება. სრული ნდობა ისკოსა და ბეილს. უელსელმა ფეხბურთელმა ის მიიღო, რაც „რეალში“ მოსვლის დღიდან სურდა - ლიდერის როლი.

ვნახოთ რამდენად მოირგებს ამ როლს ბეილი და რომელ პოზიციაზე გამოიყენებს მას ლოპეტეგი.

ისკოს შესახებ ყველაფერი ნათელია - ესპანელი ნახევარმცველი მოედნის ცენტრში გამთამაშებლად მოგვევლინება და მას შეტევების ორგანიზება დაევალება.

„რეალმა“ ახლა ერთი საკმაოდ დიდი პრობლემა უნდა გადაჭრას - ლუკა მოდრიჩს წასვლა სურს და მისით „ინტერი“ ინტერესდება.

ზიდანისა და რონალდუს წასვლის შემდეგ „ბლანკოსი“ მოდრიჩის წასვლას ვეღარ გადაიტანს.

„რეალი“ უჩვეულო სიტუაციაშია - გუნდს ვარსკვლავები ტოვებენ და საპირისპიროდ პერესი ხმაურიან ტრანსფერებს ვერ ანხორციელებს.

აჩქარება ნამდვილად არ ღირს. მადრიდელებს წინ მთელი თვე აქვთ. პერესისა და მისი ფინანსური შესაძლებლობების ფონზე კი გამორიცხული არაფერია.

მამუკა კუკულაძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები