Aa
Aa

სუპერდრამატული მატჩი! არგენტინა დიდი ბრძოლის შემდეგ მერვედფინალშია!

სანქტ-პეტერბურგში მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ჩატარებული მატჩებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, დაძაბული და დრამატული შეხვედრა გაიმართა.

არგენტინა ნიგერიას დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა "ალბისელესტეს" სრული უპირატესობით დაიწყო და ხორხე სამპაოლის გუნდი მალევე დაწინაურდა.

ევერ ბანეგას საოცარი გადაცემის შემდეგ ლეო მესიმ ბურთი დიდოსტატურად დაამუშავა და მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა.

პირველი ტაიმი არგენტინამ დამაჯერებლად ჩაატარა და დამსახურებულადაც მოიგო.

მეორე ნახევარი მსაჯის ძალიან საკამათო გადაწყვეტილებით დაიწყო. ჯიუნეტ ჩაქირიმ რბილად, რომ ვთქვათ არგენტინის კარში საკამათო პენალტი დანიშნა, რომელიც ვიქტორ მოზესმა აუღელვებლად შეაგდო.

ამის შემდეგ დაიწყო ნერვების ომი. დაძაბულობა ბოლო წუთებამდე გაგრძელდა.

86-ე წუთზე არგენტინამ შეტევა მარჯვენა ფლანგზე გაშალა. მერკადომ საჯარიმოში დაბალი ბურთი გაუშვა, რომლისთვის ბრძოლა მარკოს როხომ მოიგო და ერთი შეხებით დაარტყა... 2:1!!! ტრიბუნები დაინგრა. ეს იყო საოცარი სანახაობა. სანქტ-პეტერბურგი ერთი დღით ბუენოს აირესად გადაიქცა.

არგენტინამ ჯგუფიდან დიდი ბრძოლის შედეგად გააღწია და მერვედფინალში მათ უძლიერესი საფრანგეთი ელოდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები